„ნორმალური ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტს არ დაარღვევდა“ – სერგი კაპანაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ოკუპაციის კანონსა და ქვეყნის სუვერენიტეტს დაიცავდა საერთაშორისო ვალდებულებების გვერდის ავლით და რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში არ შემოუშვებდა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ თავად შეიყვანა თავი ჩიხურ მდგომარეობაში. საიდანაც მარტივი გამოსავალი აღარ არის. ან მათ ახლა უნდა დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რა თქმა უნდა, დაარღვიონ გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები და არ შემოუშვან ოკუპანტი საქართველოში. ეს იქნება ოკუპაციის კანონის დაცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესებზე, მაგრამ საერთაშორისო ვალდებულებების ნამდვილად გვერდის ავლა. მე არ ვიტყოდი დარღვევას.

ნორმალური, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ისე იზამდა, რომ ის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს არ დაარღვევდა. ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ შემოიყვანა ქვეყანაში სერგეი გავრილოვი და ასევე ბევრჯერ დაარღვია ოკუპაციის კანონი.

„ხელისუფლება თავზე ახევს ყველას ოკუპაციის კანონს, გამონაკლისი კი არა უკვე წესი ხდება ამ კანონის დარღვევა. ეს არის მიუღებელი“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაისში ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას საქართველო თავისი კანონმდებლობის გვერდის ავლით უმასპინძლებს. ზურაბიშვილის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს და რუსეთის დელეგაციას მიიღებს.

„იმ დროს, როდესაც რუსეთი თავს ითავისუფლებს ყველანაირი ვალდებულებისგან საერთაშორისო სამართლის მიმართ, ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყველა ადგილას და ყველა მომენტში ზემოთ ვაყენებთ საერთაშორისო სამართალს და არა ჩვენს შიდა კანონმდებლობას, რომელიც პრინციპში ასეთ შემთხვევაში აგვიკრძალავდა, რომ მივიღოთ ის ადამიანები, რომელთაც გადაბიჯებული აქვთ არა ჩვენი საზღვარი, სხვა კუთხიდან შემოსულები არიან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს. ჯერჯერობით, უცნობია, გეგმავს თუ არა რუსეთის დელეგაცია ამ კონფერენციაში მონაწილეობას და როგორი იქნება მისი შემადგენლობა.