FAKE-ნიუსი | დეპუტატების შეკითხვები სახალხო დამცველს და ლომჯარიას განმარტება

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ომბუდსმენს დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს.

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა სახალხო დამცველს კითხვა fake-ნიუსზე დაუსვა. ისინი დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა იმგვარად, რომ არ შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

როგორც პასუხების ეტაპზე ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატები მისგან სხვადასხვა ტელევიზიაში გასული სიუჟეტების არაეთიკურობის, არაობიექტური გაშუქებისა და ფაქტების მიკერძოებულობის შეფასებას ითხოვდნენ. ლომჯარიამ მათ უპასუხა, რომ მსგავსი შეფასება მის კომპეტენციაში არ შედის.

„სახალხო დამცველს სთხოვენ ამა თუ იმ მედიასაშუალების მიერ გაშუქებული თუ გადაცემული, მათ შორის, არასათანადო სტანდარტებით გაკეთებული სიუჟეტის შეფასებას და, ალბათ, არ გჭირდებათ ჩემი შეხსენება, რომ სახალხო დამცველის კომპეტენცია არ არის მედიასაშუალებებში გასული სიუჟეტების შეფასება, რამდენად ჯდება ეთიკის სტანდარტებში”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

მისი თქმით, საჯარო მოხელის უფლებებს სახალხო დამცველი დაიცავს მხოლოდ მაშინ, როდესაც მის უფლებებს არღვევს სახელმწიფო, ხოლო კერძო პირის მხრიდან უფლებადარღვევა არაა ომბუდსმენის აპარატის კომპეტენცია.

იმ საჯარო/კერძო პირებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ მედიასაშუალებამ მოამზადა დეზინფორმაციის შემცველი მასალა, ომბუდსმენმა ორი გამოსავალი შესთავაზა:

  1. შესაძლებელია, მიმართოს მედიაეთიკის დაცვის შესაბამის ორგანიზაციებს, მაგალითად, ქარტიას ან შიდა ეთიკის რეგულირების ორგანოს;

  2. მიმართოს სასამართლოს ცილისწამების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო.

მესამე არჩევნად ლომჯარია სიუჟეტის ობიექტების მხრიდან რეაგირებებსა და განმარტებებს ასახელებს.

„ძალიან რთულია, გამომიცდია. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია სახალხო დამცველის წინააღმდეგ აგრესიული დეზინფორმაციის კამპანია არამარტო სოცქსელებში, ტელევიზიითაც. რთულია, დაკავდე და მთელი დრო მიუძღვნა დეზინფორმაციის გაბათილებას. ძალიან აზიანებს ინსტიტუტებსა და კონკრეტულ პირებს ყალბი ახალი ამბები“.

მოგვიანებით კი ნინო ლომჯარიამ უპასუხა დავით მათიკაშვილის დამაზუსტებელ შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ფეიკნიუსი საზოგადოების დემოკრატიული განვითარების დამაზიანებელი:

„ვთქვი, რომ არამარტო ადამიანებისა და ინსტიტუტების დისკრედიტაციას მიემართება, არამედ უფრო საშიში ქმედებაც არის, ფეიკნიუსები საქართველოში როგორც მუშაობს და პირდაპირ მოვუწოდე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. მე მიმაჩნია უსაფრთხოების პრობლემად ფეიკნიუსები, იმიტომ, რომ ის მიემართება იმ ფუნდამეტურ ფასეულობებს, რომლისკენაც ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფის”, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება დეპუტატების შეკითხვებს, ისინი ასე ჟღერდა:

„ჩემი შეკითხვა ეხება იმ სერიალებს, რომლებსაც ესა თუ ის მედიასაშუალება იყენებს, რომელიც არის აბსოლუტურად ფეიკნიუსი და აგებულია სრულ სიცრუეზე. მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, თუმცა მედიის ეს იარაღი შესაძლებელია იყოს ცუდ კონტექსტში გამოყენებული სახელმწიფოს და მოქალაქეების მიმართ. როგორი უნდა იყოს პრევენციის მექანიზმი?” – იკითხა მერაბ ქვარაიამ.

გარდა ამისა, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მედიის მიერ გავრცელებული ყალბი ახალი ამბავი პირადად მათ შეეხება და ცილისმწამებლურია. გუგული მაღრაძემ ლომჯარიას მიმართა, რომ, როცა ყალბი ახალი ამბის მსხვერპლი გახდება, კარგი იქნება, თუ მას სახალხო დამცველი დაიცავს.

„მინდა მკაფიო პოზიცია მოვისმინო ფეიკის, როგორც საზოგადოების მოტყუებისა და ცილისწამების იარაღის შესახებ, რომელიც კონკრეტული პარტიული ტელევიზიებიდან ვრცელდება. მინდოდა, პირადად მესაუბრა ჩვენზე – ჩემს თავზე, კახა კუჭავაზე, მამუკა მდინარაძეზე… ჩვენ მიმართ არაერთი ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„მე ვარ აფილირებული „ქართულ ოცნებასთან“ და ამიტომაც ვარ ფეიკნიუსების მსხვერპლი. არ იქნება ცუდი, როგორც პიროვნებას, სახალხო დამცველი თუ დამიცავს, როცა აშკარა ფეიკნიუსებია“, – მიმართა ომბუდსმენს გუგული მაღრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ცოტნე ზურაბიანი მერიის მიერ დაანონსებულ პროექტს გამოეხმაურა, რომლის მიზანი, კალაძის თქმით, ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლაა.

„ერთი ამბავი ატეხეს თბილისის მერის ინიციატივაზე. ეს ადამიანი ამბობს, რომ თქვენს სიყალბესა და „ნაციონალების“ ნარატივს დაუპირისპირებს სიმართლეს და თუ მართლები ხართ, რა განერვიულებთ? რატო ჩავარდით შოკში? ქალბატონო ნინო, შეგვიფასეთ მედიაგარემო საქართველოში“, – განაცხადა ზურაბიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ყალბი ახალი ამბების შესახებ სარკაზმითა და კრიტიკით შეხვდა საპარლამენტო ოპოზიცია.

ეკა ბესელიამ და სალომე სამადაშვილმა „ოცნების წევრები“ ტელეკომპანია „იმედზე“ გადაამისამართეს და თქვეს, რომ არხი მმართველი პარტიისთვის სიყალბეებს ავრცელებს.

„რომ ვუსმენ ამ დარბაზში უმრავლესობის გამომსვლელებს და თქვენს მთავარ პოლიტიკურ ფალავანს, ქალაქის მერს, მგონია, რომ გუშინ ვიღაცამ ჩაგიტარათ ტრენინგი და აგიხსნათ, რომ არის სიტყვა „ფეიკი“ და დღეს ყველამ ორკესტრირებულად უნდა დაიწყოთ ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ სისხლისმსმელი არხი ადრე თურმე ერთი იყო და ახლა გასამდა, ბატონ კალაძეს თუ ვკითხავთ და თქვენც აქ იმეორებთ სიტყვას „FAKE“. FAKE ნიშნავს სიყალბეს – ვინ უნდა იცოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა იმაზე უკეთ, თუ არა თქვენ, რომლის ყალბი ამბების ტელევიზია „იმედი“ უკვე საერთაშორისოდ ცნობილია, როგორც ტყუილების გამავრცელებელი და თქვენი პოლიტიკური პატრონი, ივანიშვილი მილიონებს იხდის სიყალბეების გასავრცელებლად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„დავით მათიკაშვილს თუ აინტერესებს, როგორ დაიცვას თავი, ვუთხრათ: „იმედზე“ გადართეთ და აი, იქ მოძებნეთ გია აბაშიძე. ერთ-ერთი საოცარი მეზღაპრე, წინასწარმეტყველი, რომელიც ყალბ ამბებს საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა და მერე მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოვიდოდა მეორე დღეს და იმეორებდა. საარჩევნო შტაბში დასაქმებული აბაშიძე, ჩემი თვალით რომ მყავს ნანახი, ახლა „იმედის“ წამყვანად როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს, იქ მოიკითხეთ. რაღაცას რომ ამბობთ, შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ თუ არა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილის საპასუხოდ ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ნინო გოგუაძემ კი უმრავლესობის წევრებს ფეიკნიუსების გავრცელების შესახებ შარშან მომზადებული რეკომენდაციები შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, დღემდე შეუსრულებელია.

„პარლამენტმა შარშან მთელი წელი იმუშავა ამ საკითხზე და მთავრობას რაც გაეგზავნა რეკომენდაციები, დიდი ეჭვი მაქვს, დღესაც თაროზეა შემოდებული. არავითარი რეაგირება ამაზე არ ყოფილა. თუკი მართლა გაწუხებთ პრობლემა, არამხოლოდ ინდივიდუალურ პერსპექტივაში, მოსთხოვეთ მთავრობას ყურადღება”, – განაცხადა გოგუაძემ.