საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსულ სამთავრობო მედიასთან თქვა, რატომ ჩაერთო რუსეთ-უკრაინის ომში – რამდენიმე დღის წინ ფარცხალაძემ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი „მოხალისეთა დანაყოფ „გეორგიევსკის“ ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვლადიმირ პუტინმა 2025 წლის 9 მაისის აღლუმზე მიიწვია.
„მას შემდეგ, რაც უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მიმიწვია, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და მოხალისეთა კორპუს „არბატში“ მსახურება დავიწყე, სადაც ცხრა თვე გავატარე. „არბატში“ სამსახურის დასრულების შემდეგ კი მე და ჩემმა თანამოაზრეებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა საერთაშორისო მოხალისეობრივი დანაყოფი „გეორგიევსკი“, – თქვა მან.
მანამდე ფარცხალაძემ TASS-ს უთხრა, რომ დანაყოფის სახელწოდება უკავშირდება 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატს“.
ოთარ ფარცხალაძემ ასევე თქვა, რომ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები „სიმართლისთვის მიღებული ორდენივითაა“.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის 7 ნოემბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრამდე. იგი იძულებული გახდა თანამდებობა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა.
ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები ჰქონდა როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილისვე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მისი შვილის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია – ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.
აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა 2023 წლის სექტემბერში და მიუთითა, რომ „ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“. აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია.