ავტორი: ნეიტ ოსტილერი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაგმო რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირთან მზარდმა კავშირებმა შესაძლოა სომხეთი „ახალ უკრაინად“ აქციოს. გასულ კვირას ფაშინიანმა ეს განცხადება გააკრიტიკა და გაიხსენა, რომ 2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანის თავდასხმების ფონზე რუსეთმა არ შეასრულა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ/კუხო) ფარგლებში ნაკისრი თავდაცვითი ვალდებულებები. მან ასევე დასძინა, რომ „სომხეთი სულ უფრო სუვერენული სახელმწიფო გახდება“.
ოქტომბრის დასაწყისში მედვედევმა თქვა: „სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ განვითარების მიმართულების შეცვლა მიზანშეწონილია“, – ამით მან მიანიშნა, რომ სომხეთი რუსეთს შორდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ესეც არაფერ კარგს არ მოიტანს. ყველაზე უარესი, რაც სომხეთს შეიძლება დაემართოს, ის იქნება, რომ ის შეიძლება ახალ უკრაინად იქცეს“, – თქვა მედვედევმა.
მედვედევი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2008–2012 წლებში, პრეზიდენტობის პერიოდში, იგი შედარებით ლიბერალ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, თუმცა მას შემდეგ კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ და მკაცრი კურსის მომხრე წარმომადგენლად ჩამოყალიბდა.
გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა თქვა:
„სომხეთს უკვე შეექმნა მსგავსი საფრთხე და აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, როდესაც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. რატომ აკეთებს ბატონი მედვედევი ასეთ განცხადებას? ასევე შეიძლებოდა, ვინმეს ისიც ეთქვა, რომ სომხეთი მოულოდნელად ახალ რუსეთად არ უნდა იქცეს, რადგან რუსეთის სხვადასხვა ადგილას აფეთქებების ხმა ისმის. ასეთი შედარებები კარგი ჟანრი არ არის“, – განაგრძო მან.
ოდესღაც ახლო მოკავშირეები, სომხეთი და რუსეთი ბოლო წლებში ერთმანეთს დაშორდნენ. ამ პროცესს ხელი შეუწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უმოქმედობამაც, რაზეც ფაშინიანმა ისაუბრა.
ამავდროულად, სომხეთი ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს და 2025 წელს ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. 2026 წლის აგვისტოში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მალე ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს შეიტანს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.