„ფიზიკურად აღარ არის საშუალება“ - გომელაური 5 ივლისს პოლიციელთა მობილიზებაზე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეკითხვაზე – რატომ არ იყვნენ 5 ივლისს საკმარისი რაოდენობით მობილიზებული სამართალდამცველები? – უპასუხა, რომ უწყება შესაძლებლობის ფარგლებში იქცეოდა.

„ფიზიკურად აღარ არის საშუალება. საშუალება რისიც იყო, პოლიციელები მთელი თბილისის მასშტაბით იყვნენ გაშლილი 3 200 კაცი“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული.

„ვინ გეუბნებათ, რომ სპეცდანიშნულების რაზმი არ იყო გამოყვანილი, არ ვიცი. გამოყვანილი იყო სპეცდანიშნულების რაზმი. რა თქმა უნდა, სპეცრაზმი არ არის მარტო მაინცდამაინც რობოკოპერბში ჩაცმული სიარული. ესენი არიან პოლიციელები ჩვეულებრივად, როცა სჭირდებათ, უნდა ჩაიცვან ეს აღჭურვილობა – ტანსაცმელი, ხელკეტები, პლასტმასები. ეს ადამიანები გამოსული იყვნენ“, – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე – რატომ არ გაზარდა სამართალდამცველთა რაოდენობა მაშინ, როცა 20 ივნისს საკმარისი ძალები იყო აქციის დასაშლელად? – გომელაური ჟურნალისტებს პასუხობს:

„სპეცრაზმი იყო გამოყვანილი, 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. იყო თავიდან 3 ლოკაცია, მერე გახდა 8 ლოკაცია და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. ამდენ ლოკაციაზე რომ გაანაწილო, თითო ლოკაციაზე 150 ადამიანი გამოვა“, – განაცხადა მინისტრმა.