ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია რუსეთის მიმართ სანქციების 22-ე პაკეტთან ერთად ამზადებს წინადადებას, რომელიც უკრაინის 2027 წლის ფინანსურ საჭიროებებს ეხება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განცხადება დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრებენ აბუ-დაბიში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე.
„მივესალმები აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას. კარგია, რომ ევროპელებიც არიან წარმოდგენილი, რათა ჩვენი ინტერესები დაიცვან. ეს მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ითხოვა. მან ევროპელებს სთხოვა, ამ მოლაპარაკებებში მხარი დაუჭირონ, ჩვენ კი უკრაინას მხარს დავუჭერთ როგორც ომის დროს, ისე მშვიდობიან პერიოდში.
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ისიც, რომ სანქციების 22-ე პაკეტს ვამზადებთ. ამასთან, როგორც ევროკომისია, ვამზადებთ წინადადებას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ დავფაროთ უკრაინის ფინანსური საჭიროებები 2027 წელს“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი განცხადებით, სანქციების პაკეტსა და უკრაინის ფინანსურ საჭიროებებთან დაკავშირებულ წინადადებას ევროპული საბჭოს მომდევნო – 17-18 დეკემბრის სხდომამდე წარადგენს.
სანქციების ახალი, 22-ე პაკეტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გასულ კვირას დაამტკიცეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მას 16 ნოემბერს დაამტკიცებს. „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სანქცირებულთა სიას დაემატება 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი.
რაც შეეხება აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრებს – ის 10 და 11 ნოემბერს გაიმართა. შედეგად მხარეები ტყვეების ფართომასშტაბიან გაცვლაზე შეთანხმდნენ და გარკვეულ ტექნიკურ პროგრესსაც მიაღწიეს. თუმცა, როგორც აშშ-ის წარმომადგენლებმა თქვეს, „მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს“.
აბუ-დაბიში სამმხრივი შეხვედრების დაწყებამდე აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდნენ. ევროკავშირი მოითხოვს, თავადაც იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდაზე, ვინაიდან საქმე ევროპის უსაფრთხოებას ეხება.
ხოლო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დღეს დუბლინში მიმდინარეობს. EPC ევროპული ქვეყნების ლიდერთა მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა, რომლის მიზანია საერთო ინტერესების საკითხებზე პოლიტიკური დიალოგის, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შექმნის ინიციატივა 2022 წლის მაისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენა. ინიციატივა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაჩნდა და მიზნად ისახავდა ევროპის ქვეყნებს შორის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას. პირველი სამიტი 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა, ხოლო დუბლინამდე EPC-ის შეხვედრა 2026 წლის 4 მაისს ერევანში შედგა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანება აერთიანებს როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ევროკავშირის არაწევრი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს. მასში მონაწილეობენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია და ბალკანეთის ქვეყნები.