„ფორმალური ცვლილება, რომელიც „ოცნებას“ ცესკოზე გავლენას უნარჩუნებს" - ISFED საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“(ISFED) შეფასებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არსებითად არ აგვარებს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესში არსებულ მთავარ პრობლემებს – პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატების შერჩევა ცესკოს დამოუკიდებლობას ასუსტებს და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ერთი პარტიის გავლენის განმტკიცებას უზრუნველყოფს.

ISFED-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ცესკოს დაკომპლექტების სათანადო წესს და მის მიმართ ნდობის ამაღლებას გულისხმობს.

„ამას მოწმობს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის – ოლივერ ვარჰეის 22 ივნისის ზეპირი მოხსენებაც, რომლის მიხედვითაც, ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული 13 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები უკან უნდა იყოს გახმობილი. ეს ცვლილებები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერაც უარყოფითად იქნა შეფასებული“,– ნათქვამია განცხადებაში.

ISFED-ის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტები არსებითად არ ცვლის ცესკოს დაკომპლექტების არსებულ წესს. პარლამენტის უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლებლობა კვლავ დარჩება, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მქონე მმართველ პარტიას არ შეუქმნის მოტივაციას ცესკოს პროფესიული წესით ასარჩევი შემადგენლობის შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიოს.

„ცესკოს დაკომპლექტების პროცესში კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებითი და გონივრული მონაწილეობა, რაც კანდიდატთა შერჩევის ეტაპიდან პრეზიდენტის ჩამოშორებასა და შესარჩევი საკონკურსო კომისიის პარლამენტის თავმჯდომარესთან დატოვებაში გამოიხატება. პირველ რიგში, იმის ალბათობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სამი კენჭისყრის შემდეგაც სასურველ კანდიდატს ვერ აირჩევს და პრეზიდენტს მიეცემა ცესკოს წევრების დანიშვნის უფლება, მცირეა. იმ შემთხვევაში კი თუ ეს მაინც მოხდება, პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრების ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება შეუსაბამოა ძალაუფლების განაწილების სამართლებრივ-პოლიტიკურ ლოგიკასთან. გარდა ამისა, ეს მოდელი ხელს არ შეუწყობს საპარლამენტო პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას და ვერ გაზრდის ცესკოს წევრების მიმართ ნდობას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ინიციატივა, შესაძლოა, ჩაითვალოს მხოლოდ ფორმალურ ცვლილებად, რომელიც რეალურად აგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას და უნარჩუნებს მას გავლენას საარჩევნო ადმინისტრაციაზე.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის დასკვნები, ასევე, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის რეკომენდაცია და ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეუსაბამოს 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებულ პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობას კვლავ ზრდის.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით (უმრავლესობით) მოხდება.

ძალაში დარჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ბოლო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარისთვის საჭირო კვორუმი მესამედ იცვლება.

თავდაპირველად, ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით ასარჩევად გათვალისწინებული იყო 100 ხმა (2/3). იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, მას კენჭი ხელახლა ეყრებოდა და უმრავლესობის მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში პოსტს 6 თვით იკავებდა.

საპარლამენტო უმრავლესობამ ეს წესი 2023 წლის ივნისში შეცვალა და ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევისთვის 76 ხმა განსაზღვრა.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 3 ივლისს დაძლია. ვეტოს წარდგენისას პრეზიდენტმა პარლამენტს კონსესუსურ ვერსიად 90 ხმაც შესთავაზა, თუმცა ამას უმრავლესობა არ დაეთანხმა.