მასალა განახლებულია 21:45
„ფორმულას“ ცნობით, ჟურნალისტ გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ტელემაუწყებლის ინფორმაციით, როგავა საქართველოში არ იმყოფება და გამოკითხვა ონლაინ შედგება.
ელისო ჯარიაშვილმა კი გამოკითხვის შემდეგ მედიას განუცხადა:
„ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, რადგან მოწმის სახით დავიკითხე, მე არანაირი დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არ მიმიღია დღეს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რაც გუშინ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა ადვოკატმა, რომ წელიწადნახევარია, 2024 წლის 13 დეკემბრის შემდეგ, არცერთი საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვის სახით არ ჩატარებულა, რაც არის ძალიან სამწუხარო და გამაოგნებელი ფაქტიც კი. არ ვიცი, შეიძლება დაიძრას ყინული და ახლა რაღაცა შეიცვალოს, მაგრამ მე დღეს მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც დაფარულად მხოლოდ ინიციალებით მოვყევი რეპორტაჟში. მათ დავუსახელე ის პირი, რომელიც შესაძლოა იყოს გურამ როგავაზე თავდამსხმელი. ამის შემდეგ დაველოდები გამოძიებას“, – თქვა მან.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ამბობს, რომ გამოავლინა არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა.
გადაცემის „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში 5 მაისს გავიდა.
გადაცემაში დაასახელეს თავდამსხმელის ინიციალები – ი.შ., რომელსაც ტელეარხი დაუკავშირდა – მან გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო.
გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.
თავდასხმიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც ჟურნალისტზე თავდამსხმელი არ დასჯილა.