„ფორმულა“ ამბობს, რომ გამოავლინა გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ ამბობს, რომ გამოავლინა არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა.

გადაცემის „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში 5 მაისს გავიდა.

გადაცემაში დაასახელეს თავდამსხმელის ინიციალები – ი.შ., რომელსაც ტელეარხი დაუკავშირდა – მან გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო.

გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.

თავდასხმიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც ჟურნალისტზე თავდამსხმელი არ დასჯილა.

„ფორმულას“ თანახმად, თავდამსხმელი თავდასხმის მომენტში 21 წლის იყო.

ტელეკომპანია ამბობს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც კონფიდენციალურობა ამჯობინა. „ფორმულასვე“ თანახმად, მათ ეს ინფორმაცია რამდენიმე სხვა წყარომ დაუდასტურა.

ჟურნალისტები მივიდნენ მის ოჯახში. ოჯახმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცი „არაფერს მალავს“ და რომ ის დარბევაში არ მონაწილეობდა.

„არა, რა დარბევა, ისეთი ბავშვია, სასულიერო სკოლა აქვს დამთავრებული“, – უთხრა ტელეარხს მისი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა.

„ფორმულა“ ი.შ.-საც დაუკავშირდა. კაცმა ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ „არავითარი ფაქტი არ გააჩნიათ“.

„ტყუილია, კარგად ბრძანდებოდეთ. და ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ“, – უპასუხა მან „ფორმულას“ ტექსტურ შეტყობინებას.

ტელეარხი ამბობს, რომ ი.შ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) გათავისუფლებიდან მალევე გაუშვეს – 2025 წლის ზაფხულში, რის შემდეგაც მან მუშაობა დაიწყო მსხვილი კომპანიის კერძო დაცვაში, ახლა კი არც იქ მუშაობს.

ელისო ჯარიაშვილის საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ი.შ-ს დაუკავშირდნენ, მან სოციალური ქსელებიდან წაშალა ყველა ფოტო და ვიდეო.

„ფორმულა“ დაუკავშირდა გდდ-ის ყოფილ უფროს ზვიად ხარაზიშვილსაც, რომელმაც თქვა, რომ „ეს სახელი და გვარი ნამდვილად არ ეცნობა“.

„ჩემ გარშემო ნამდვილად არ ყოფილა. 5000 კაცში როგორ უნდა ვიცნო. ვიცი, რომ არ ყოფილა, თავდასხმა და ეგეთ რამეებზე ჩემი ხალხი არ არის რა, ნუ აბრალებთ. მე არ მახსოვს ეგეთი სახელი და გვარი ჩემს დანაყოფში, რაც შეეხება თავდასხმას – თავდასხმებს ჩემი ხალხი არ აწყობდა“, – უთხრა „ფორმულას“ ზვიად ხარაზიშვილმა.

სიუჟეტის თანახმად, მათ მიერ იდენტიფიცირებული პირის სახელი და გვარი მათ პროკურატურასაც შეატყობინეს, თუმცა, უწყებიდან არ უპასუხეს, გამოკითხულია თუ არა ი.შ.

რაც შეეხება ზოგადად გამოძიებას, უწყება „ფორმულას“ ეუბნება, რომ „2024 წლის აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და რომ ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ძალადობაში მონაწილე შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით“.

რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, 6 მაისს ელისო ჯარიაშვილმა დაწერა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად, შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს“, – წერს ელისო ჯარიაშვილი.