ფოტო | „არა ონლაინსწავლებას“ – სტუდენტები აუდიტორიებში სწავლის დაწყებას მოითხოვენ

მინდია გაბაძე

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში კვლავ ონლაინრეჟიმში გაგრძელდება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათ დღეს განათლების სამინისტროსთან აქციაც გამართეს და მოითხოვეს სწავლის დაწყება სასწავლო დაწესებულებების აუდიტორიებში.

„განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სააუდიტორიო სწავლება. არ ვიცით, როდის დავუბრუნდებით სტუდენტები ნორმალურ ცხოვრებას. ონლაინსწავლება სინამდვილეში არ არის იმ ხარისხის სწავლება, რისთვისაც სტუდენტები ვხვდებით და რისთვისაც ვცდილობთ, რომ განათლება მივიღოთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავით მჟავანაძე.

მისი განცხადებით, ძალიან ბევრი თანატოლი და სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოვიდა იმისთვის, რომ აუდიტორიებში სწავლა დაეწყო, რადგან ამის მოლოდინი და დაპირება იყო. მჟავანაძის თქმით, ძალიან ბევრი სტუდენტი რეგიონიდან ჩამოვიდა.

„რეგიონიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა სახლები ძლივს მოძებნეს და დარჩნენ ქალაქში. ახლა კი, ეუბნებიან, რომ მაინც კომპიუტერიდან უნდა ისწავლონ და ასე არ გამოვა. მინისტრი უნდა შეგხვდეს. აგვიხსნას, რაზეა დამოკიდებული სასწავლო პროცესის განახლება“, – აღნიშნა მან.

სტუდენტური ომბუდსმენის ხელმძღვანელი, თაკო მეტრეველი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქციის მონაწილეები სამინისტროს გუშინდელ განცხადებას სრულად ეწინააღმდეგებიან და მათი მთავარი მოთხოვნაა აღდგეს სააუდიტორიო სწავლება.

„ვითხოვთ, რომ ყველა იმ რეკომენდაციით, რომელიც გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროსგან, ყველაფერი იქნას დაცული და დავიწყოთ სწავლა აუდიტორიებში, რადგან წინა სემესტრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მიღებული ცოდნა არაფრის მომცემი იყო და არაფერში გადავიხადეთ სტუდენტებმა თანხა”, – ამბობს თაკო მეტრეველი.

აქციის მონაწილეები, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და სწავლება აუდიტორიებში არ გაგრძელდება, აანონსებენ ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

  • DSC-6279
  • DSC-6247
  • DSC-6258
  • DSC-6266
  • DSC-6288
  • DSC-6249
  • DSC-6262
  • DSC-6253
  • 01 /

როგორც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელს გუშინ, 24 სექტემბერს განაცხადა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.