ფოტო | პარლამენტის ოპოზიციონერი ცხრა დეპუტატი მე-3 დღეა შიმშილობს

მინდია გაბაძე

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, უკვე მესამე დღეა შიმშილობს.

დავით კირკიტაძის, აკაკი მინაშვილის, თემურ ჯანაშიას, ბაჩუკი ქარდავას, ნიკა მაჭუტაძის, გიორგი გოდაბრელიძის, სულხან სიბაშვილის, ლევან ბეჟაშვილისა და აბდულა ისმაილოვის მოთხოვნაა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამავე მოთხოვნით შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე მე-14 დღეა. „არ გავჩერდები! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში!“, – ამის შესახებ მან დღეს სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და განაცხადა, რომ მისი ანალიზების შედეგები დღეს არ გაუარესებულა.

ერთ-ერთი მოშიმშილე დეპუტატი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მოშიმშილეთაგან რამდენიმე ადამიანი თავს უკვე სუსტად გრძნობს.

„მაგრამ სასიცოცხლო მონაცემებს ჯერჯერობით საფრთხე არ დამუქრებია – წნევას და შესაბამის მონაცემებს გვიკონტროლებენ. ექიმი არის მუდმივად და თუ ვინმეს რაიმე სჭირდება, უწევენ მომსახურებას“, – გვეუბნება კირკიტაძე.

კირკიტაძის თქმით, გარდა იმისა, რომ მოშიმშილეები სააკაშვილის მულტიფუნქციური კლინიკაში გადაყვანას სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე მოითხოვენ, ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საქართველოს მე-3 პრეზიდენტი არ იყოს გლდანის ციხეში, ვინაიდან, მისივე სიტყვებით, „ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება ზეწოლის ქვეშ გარკვეული პატიმართა ჯგუფის მხრიდან, რომლებიც ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებენ“.

ფოტორეპორტაჟის მომზადების დროს იმ სივრცეში, სადაც დეპუტატები შიმშილობენ, „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა გამოჩნდა. „ეს მათი გადასაწყვეტია“ – ამ კომენტარით შემოიფარგლა ზარქუა ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა მოშიმშილე კოლეგებზე.

„ახლა უბრალოდ საუბარი გვქონდა ბ-ნ ზარქუასთან თვითმმართველობის კანონზე, რომელიც გამოიტანა რეგიონალურმა კომიტეტმა და რომლის განხილვებშიც მე აქტიურად ვმონაწილეობდი სანამ შიმშილობას გამოვაცხადებდი“, – ასე ახსნა დავით კირკიტაძემ ზარქუას გამოჩენა იმავე სივრცეში.

შეკითხვაზე, თუ ყოფილან მათ მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატი ამბობს, რომ არა.

„არა, ერთადერთი ელგუჯა გოცირიძე იყო მოსული პარლამენტის წევრი და ადამიანურად გვითხრა, რომ თუ რაიმე დაგვჭირდებოდა სამედიცინო კუთხით და თვალსაზრისით, ის მზად იყო დაგვხმარებოდა“, – აღნიშნა კირკიტაძემ.

მოშიმშილე დეპუტატები სხდომათა დარბაზთან არიან. მათ თანაპარტიელები და სხვა ოპოზიციონერი კოლეგები მუდმივ რეჟიმში ნახულობენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ის ყოველთვის ეწინააღმდეგება პროტესტის ამ ფორმას, თუმცა „ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა“.

„ეს იყო მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ შიმშილობის და ყველას ვეუბნები, მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება შიმშილობა. მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებას არ აწუხებს ადამიანის სიცოცხლე, მიხეილ სააკაშვილის და არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში, რომ მათი პროტესტის ინდივიდუალური გადაწყვეტილება არის ეს“, – ამბობს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მოშიმშილე დეპუტატები სუსტად არიან. მანვე აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია არ არის კარგად“- „ისედაც ეტყობა ვიზუალურადაც და მძიმეა, ძალიან მძიმეა, როდესაც შენს მეგობრებს ასე უყურებ“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კოლეგა დეპუტატების მხრიდან მოშიმშილე პოლიტიკოსების არმონახულებას, დეკანოიძის თქმით, „ყველამ თავის მორალი უნდა განსაზღვროს“.

„ჩემთვის მძიმეა… რომელი დეპუტატიც არ უნდა ყოფილიყო ამ მდგომარეობაში ხელისუფლების მხრიდან, მე აუცილებლად მივიდოდი და მოვინახულებდი და დარწმუნებული ვარ ელენეც. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ქალი დეპუტატები არ მიდიან „ქართული ოცნებიდან“ და არ ნახულობენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს, 16 ნოემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართა.

„პუბლიკას“ უნდოდა გადაეღო პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიაც. თუმცა, როგორც მისმა წარმომადგენელმა განგვიცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოშტარია ვერ შეძლებდა მედიასთან თანამშრომლობას.


ელენე ხოშტარიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. 

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

ამავე დღეს სააკაშვილმა ხოშტარიას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა ხოშტარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში ის შიმშილობას არ შეწყვეტს.