ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, რაც, ფაქტობრივად, უკეთ ყოფნას ნიშნავს - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობაში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს, სოციალურ ქსელში მისი ჯანმრლობის შესახებ წერს და ამბობს, რომ მისი ანალიზები დღეს არ გაუარესებულა.

„ახლა იყო ექიმი. ანალიზები დღეს არ არის გაუარესებული, რაც ძალიან კარგია! ფაქტობრივად, უკეთ ყოფნას ნიშნავს ამ პირობებში. არ გავჩერდები! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში!“, – წერს ხოშტარია.


ელენე ხოშტარიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. 

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუკი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანენ იმ სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გადაწყვეტს.

ამავე დღეს სააკაშვილმა ხოშტარიას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა ხოშტარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიპუნქციურ კლინიკაში ის შიმშილობას არ შეწყვეტს.