თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ჰიბრიდული რეჟიმი უქმდება. უნივერსიტეტის გადაწყვეტილება სტუდენტებმა არაერთხელ გააპროტესტეს. აქცია დღეს, 20 აპრილსაც გაიმართება. სტუდენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სემესტრის ბოლომდე, მხოლოდ 2 თვით თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა და ბინის ქირაობა სტუდენტთა ნაწილისთვის პრობლემურია. ამიტომ ისინი მოითხოვენ მიმდინარე სემესტრში სწავლა კვლავ ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდეს, სექტემბრიდან კი განახლდეს სრულად სააუდიტორიო სწავლება.
„2 მაისს აუდიტორიებში სწავლების დაწყების შემთხვევაში, განათლების პროცესის მიღმა დარჩება ათასობით სტუდენტი. ისინი, ვინც ვერ ახერხებს ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავებას და ისინიც, ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს, ხელშეკრულების მოულოდნელად გაწყვეტის გამო“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
უნივერსიტეტში ამ გადაწყვეტილებას „ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით“ ხსნიან. თსუ-ში განმარტავენ, რომ 2 მაისიდან სრულად სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს 18 თებერვალს მიეწოდათ. შესაბამისად, 2 თვეზე მეტი დრო მიეცათ სტუდენტებს სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებლად.
სტუდენტების მოთხოვნის საპასუხოდ თსუ-ში აცხადებენ იმასაც, რომ სტუდენტურ საცხოვრებელში 150 (100 ადგილი ლისზე, 50 ადგილი ბაგებში) ადგილის მობილიზებაა შესაძლებელი და რომ დაწყებულია რეგისტრაციის პროცესიც.
„გარდა ამისა, თსუ-მა უკვე გამოაცხადა ტენდერი უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით; სტუდენტური კამპუსის მშენებლობა გაცილებით ადრე დაიგეგმა, თუმცა მის განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა“, – გვპასუხობენ თსუ-ში.
სტუდენტები ამბობენ, რომ თსუ-ში 24 000 სტუდენტიდან 9 600 რეგიონიდანაა. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საერთო საცხოვრებლებში არსებული ადგილების რაოდენობა არასაკმარისია, შესაბამისად, უნივერსიტეტის პოზიცია არარელევანტური. ამასთან, სტუდენტები ბაგებში მდებარე სტუდენტურ საცხოვრებელში არსებულ მძიმე პირობებზეც საუბრობენ.
ბაგების საერთო საცხოვრებლის შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხად უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ შენობები წლების მანძილზე არ იმყოფებოდა თსუ-ის ბალანსზე, რაც მნიშვნელოვან შეფერხებას უქმნიდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში.
„შენობები თსუ-ს გადმოეცა 2019 წელს, რის შემდეგაც ჩატარდა ექსპერტიზა. ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების დასკვნით, შენობა სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რაც ბიუჯეტურად გაცილებით ძვირი იქნება ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა. ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასაწყებად”, – ნათქვამია თსუ-ის პასუხში.
სტუდენტური საცხოვრებელი ბაგებში
სტუდენტური საცხოვრებელი ლისზე