„გაასაჯაროვეთ დასაბუთებული ინფორმაცია" - მედიაკოალიცია გაბუნიას საქმეზე მთავრობას მიმართავს

პუბლიკა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას და ითხოვს, საგამოძიებო უწყებებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას სათანადო რეაგირებისათვის და ვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ტელეწამყვანის სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გააპროტესტეს. „რუსთავი 2″-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.
ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა”, – წერია განცხადებაში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile