გაბრიელა: პოლიცია ტრანსგენდერების მიმართ გულგრილი და უმოქმედოა

პუბლიკა

ტრანსგენდერმა ქალმა, გაბრიელამ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა და პოლიციის მხრიდან ტრანსგენდერებისადმი უთანასწორო მოქცევაზე ისაუბრა.

გაბრიელამ 18 იანვრის შემთხვევა გაიხსენა, როცა სამართალდამცველებმა ორი ტრანსგენდერი ქალი დააკავეს.

გაბრიელა ჰყვება, რომ 18 იანვარს ტრანსგენდერ ქალებს ტრანსფობიურად განწყობილმა ახალგაზრდების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენა და შეშის ნაჭრების სროლა დაუწყო. ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცველებმა კი თავდამსხმელები უბრალოდ განარიდეს და ორი ტრანსგენდერი ქალი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

პოლიციამ დააკავა ნატა ფერაძეც, რომელიც ტრანსგენდერებს გამოესარჩლა. აქტივისტი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, თავისუფლები არიან ტრანსგენდერი ქალებიც, რომელთა სასამართლო პროცესი 27 იანვარს გაიმართება.

გაბრიელას თქმით, იმის ნაცვლად, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ტრანსგენდერებს დახმარებოდა, მათი პროვოცირება დაიწყეს, ხმამაღალი ტონით ტრანსფობი ახალგაზრდების დაკავებისკენ მოწოდებისთვის კი ხულიგნობის მუხლით თავად ტრანსგენდერები დააკავეს.

„როცა პოლიცია ადგილზე მოდის, იმის ნაცვლად, რაიმე რეაგირება ჰქონდეს, ყველანაირად ცდილობს, მიგვიყვანოს იმ დონემდე, რომ ვისაუბროთ ხმამაღალ ტონზე. იწვევს პროვოცირებას კანონდარღვევაზე გულგრილი დამოკიდებულებით. არავის უგინებია, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ჩემი მეგობრები მხოლოდ მიმართავდნენ, რომ მოეხდინათ ადეკვატური რეაგირება. პოლიციის თანამშრომლები კი პირიქით, ცდილობდნენ ტრანსგენდერების გაღიზიანებას“, – ჰყვება გაბრიელა.

მისივე თქმით, ტრანგენდერი ქალებისთვის დამამცირებელი იყო ჩხრეკის პროცედურა. გენდერული იდენტობის გათვალისწინებით, დაკავებულები ქალ პოლიციელებს უნდა გაეჩხრიკათ. გაბრიელას თქმით, პროცედურა კაცებმა ჩაატარეს და ტრანსგენდერმა ქალებმა თავი დამცირებულად იგრძნეს.

ამგვარი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ტრანსგენდერი ქალებისთვის მნიშვნელოვანია პირადობის დამადასტურებელ საბუთებში მათი გენდერული იდენტობის გათვალისწინებით შესაბამისი სქესის ჩაწერა.

პოლიცია, გაბრიელას თქმით, თანასწორად უნდა მოექცეს ყველას, მათი გენდერული იდენტობის განურჩევლად. დღევანდელი მდგომარეობით კი, პირიქით, პოლიციის მხრიდან თანასწორ მოპყრობას მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გრძნობენ. უფრო მეტიც, გაბრიელას თქმით, უმოქმედოა გენინსპექციაც და კანონდარღვევებისა და ტრანგენდერების გარშემო წარმოქმნილი პრობლემების დროს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის იმედი რჩებათ.

LB loan image desktop LB loan image mobile