გიორგი გაბუნია სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოსაკითხად მივიდა

პუბლიკა

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია, ადვოკატების თანხლებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად მივიდა. ასევე გამოიკითხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამიაც.

საქმე ეხება 15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი, საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გაბუნიაც და გვარამიაც სუს-ში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გარშემო დაიბარეს, თუმცა ორივემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებებისადმი უნდობლობის გამო, მიაჩნდათ, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ბევრად ეფექტიანი იქნებოდა, ამიტომ აირჩიეს გამოკითხვის ეს ფორმატი.

გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა გიორგი გაბუნაიმ.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი შესაძლო ლიკვიდაცია იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ეს ინფორმაცია იყო ზოგადი. გაბუნია აცხადებს, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.

„ვიცი ის, რომ, დაახლოებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. აგრეთვე,  ვიცოდი, რომ სუსისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამაზე არავისთან არ უნდა მელაპარაკა“, – ამბობს გაბუნია.