ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს - გვარამიას ადვოკატი

ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, გვარამიას ეს გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობითაა განპირობებული.

„ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვაქვს სურვილი, რომ იქ მივიდეთ და იქ მოხდეს ნიკა გვარამიას გამოკითხვა. შესაბამისად, თუკი უსაფრთხოების სამსახურს აქვს ამის სურვილი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოში უკვე გამოვცხადდებით და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება ნიკა გვარამიას დაკითხვა. ჩვენი პოზიცია, რატომაც გვირჩევნია, რომ სასამართლოში მოხდეს დაკითხვა, განპირობებულია უნდობლობით სამართალდამცავი უწყებების მიმართ.

საძაგლიშვილის განცხადებით, დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არ გაჰკვირვებიათ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე ნიკა გვარამიას დაბარება, რადგან, მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გვარამია Facebook სტატუსის გამო დაუბარებიათ დაკითხვაზე.

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუსში დღეს დაიბარეს, – როგორც „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მას უწყება უკვე გადაცემული აქვს, მისი გამოკითხვა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.

სუსში აცხადებენ, რომ ის გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორშაბათს, 15 ივნისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომლის მიხედვითაც დაკავებულია რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.