გაბუნიას თქმით, ეროვნულ გამოცდებზე პირბადით ყოფნის სავალდებულო წესი შესაძლოა გადაიხედოს

პუბლიკა

ჯანმრთელობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა, ეროვნულ გამოცდებზე პირბადით ყოფნის სავალდებულო წესი გადაიხედოს.

„მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, მაგიდების ადაპტირების მიზნით შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა, ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებსა და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით მოგვიწოდებენ სიფრთხილისკენ, რასაც ჩვენ გავითვალისწინებთ გამოცდების პროცესში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.