მხოლოდ 10 აბიტურიენტი ერთ ოთახში – როგორ გაიმართება ეროვნული გამოცდები

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მან ეროვნული გამოცდების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფორმატისა და თარიღების ცვლილება არ იგეგმება.

„ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ადრე, შესაბამისად, ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წელს, კონკრეტული თარიღი ცხადდება ივნისში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვინარჩუნებთ. ჩვენ, ივნისში, რასაკვირველია, ვაცნობებთ  საზოგადოებას დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

ივნისში ჩვენ გაცილებით უკეთესი და მკაფიო სურათი გვექნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის დროის ანუ თარიღების ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ ვითარებაში, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების.

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ ეტაპზე არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება.

ეცალკე პრეზენტაცია გვქნება ამასთან დაკავშირებით და ყველა დეტალი ეცნობება საზოგადოებას. რაც შეეხება გამოცდებს, ჩვენ მჭიდროდ, ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენთვის უმთავრესი კრიტერიუმი ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა და ყველა გადაწყვეტილებას გამოვიტანთ ამაზე დაფუძნებით.

ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით იქნება დაცული პროტოკოლი, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცესა და ერთ ოთახში, ეს რეკომენდაცია უკვე გვაქვს და შეგვიძლია, გავაჟღეროთ – არა უმეტეს ათი აბიტურიენტი იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიკური პროტოკოლის, რომლის ყველა დეტალს  ივნისში, როცა უკვე თარიღებსაც გამოვაცხადებთ, მაშინ გავახმაურებთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.