გაჩხრიკეს ირაკლი პაპიაშვილი და მისი მანქანა, ასევე, მისი და გიორგი ჩიკვაიძის სახლები

პუბლიკა

ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაჩხრიკეს ირაკლი პაპიაშვილი, შემდეგ კი – სასამართლოს ეზოსთან მისი მანქანა.

პარალელურად, ჩხრეკაა როგორც პაპიაშვილის, ისე გიორგი ჩიკვაიძის სახლებში.

ორივე მათგანს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება, რამაც 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.

პოლიციამ ირაკლი პაპიაშვილის მანქანიდან პირად ნივთებთან ერთად ნაღდი ფული – 5 ათასი დოლარი ამოიღო. ბიზნესმენის თქმით, ეს არის ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა, ხოლო ნაღდი ფულის სახით იმიტომ აქვს, რომ დაყადაღებულია როგორც მისი, ისე გიორგი ჩიკვაიძის და კომპანიის ანგარიშები.

ჩხრეკის შემდეგ მანქანა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

ირაკლი პაპიაშვილმა თქვა, რომ „ინფორმაციის მატარებელი ყველა მოწყობილობა ქვეყნიდან გატანილია”.

„[ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები] სახლში კი არა, საქართველოშიც არ გვაქვს. შეუძლიათ საზღვრებს გარეთ ჩაატარონ ჩხრეკა და სადმე იპოვონ. ტელეფონი არ მაქვს. დღეს მე მოვედი სასამართლოში და ველოდი ჩემს დაპატიმრებას, ამიტომ არაფერი წამომიღია, მათ შორის ტელეფონი, გაჩუქებული მაქვს. […] ჩვენთან ვერაფერს ვერ იპოვიან რა თქმა უნდა, თუ რაღაც არ ჩაგვიდეს.

მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებენ, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი რამე. უნდოდათ, რომ უბრალოდ დაეკავებინათ და გიორგის ხმა ჩაეხშოთ, მაგრამ ეს ხმა ვერ ჩაეხშობა. ეს ინფორმაცია არის საიმედო ხალხთან. როგორც კი გიორგის თითს დააკარებენ, ეს ინფორმაცია გახდება საჯარო”. – თქვა ირაკლი პაპიაშვილმა.

ირაკლი პაპიაშვილის ჩხრეკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო ძალაში დატოვა.

მას მერე, რაც სასამართლო სხდომა დასრულდა, ირაკლი პაპიაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კომენტარის შემდეგ, სასამართლოს დერეფანშივე, მასთან მივიდნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ ჩხრეკაზე უნდა გაჰყოლოდა. ადვოკატის მოსვლის შემდეგ ირაკლი პაპიაშვილი და მისი მეგობარი, გოჩა კოჭლამაზიშვილი, ჩხრეკისთვის სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში გადაიყვანეს.

პაპიაშვილის მანქანა გაჩხრიკეს მას შემდეგ, რაც მისი ინდივიდუალური ჩხრეკა დასრულდა.

პროკურატურა როგორც გიორგი ჩიკვაიძის, ისე ირაკლი პაპიაშვილის პატიმრობას ითხოვდა.

ბრალდებამ ასევე განცხადა, რომ „მიიღეს ინფორმაცია ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით”. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, „გიორგი ჩიკვაიძე 7-8 მარტს იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს”.

პროკურორმა თქვა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ორივე მათგანის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის თქმით:

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო გამოძიება და დღეის მდგომარეობითაც გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”.

პროკურორმა თქვა, რომ სწორედ ამ არგუმენტით, „ოპერატიული ინფორმაციის პატაკისა და მოწმეთა გამოკითხვის საფუძველზე” იხოვდა ბრალდება ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლას, თუმცა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ გიორგი ჩიკვაიძეს შეუცვალა. შესაბამისად, დაპატიმრებული მხოლოდ ჩიკვაიძეა.

კონკრეტულად რა მტკიცებულებებზე ლაპარაკობს ბრალდება – პროკურორმა ჟურნალისტების კითხვას „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” არ უპასუხა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „პუბლიკას” დაუდასტურა, რომ ჩხრეკა საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობის ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.