„გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია" - ომბუდსმენი რიონის ხეობაზე

პუბლიკა

„იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და დასაბუთება ჯერ არ მომისმენია, არც საჯაროდ და არც ოფიციალურად და ვერც ადგილზე ვერ მივიღეთ, მიმაჩნია, რომ გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა.

გუმათჰესთან პოლიციას გადაადგილების შეზღუდვა აქვს დაწესებული და რიონის ხეობაში მოქალაქეების შესვლას ახლა უკვე რკინის ჯებირებითაც ზღუდავს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს არანაირი საჭიროება არ არსებობს, რაიმე გადაადგილება კონტროლდებოდეს აქ, რადგან არც ძალადობრივი აქცია არის დაანონსებული და არც რაიმე წინაპირობაა იმის, რომ მკაცრი ღონისძიებები დაწესდეს და მოქალაქეებს შეეზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება”, – აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატი გეგმავს, შეისწავლოს დაწესებული შეზღუდვების სამართლებრივი მხარე.

„სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მივიღე განმარტება აქ მყოფი პოლიციელებისგან, თუმცა ჩვენ უკვე მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მარტო ამ ბლოგპოსტთან, არამედ ზოგადად იმ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც პოლიცია მიმართავს ადგილზე და აუცილებლად შევისწავლით, სამართლებრივ მხარეს რა არგუმენტაცია აქვთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.  3 აპრილიდან პოლიციას გარკვეულ ლოკაციებზე, მათ შორის გუმათჰესთან, გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობის თქმით, მათ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში მყოფ ადგილობრივებს შეუერთდნენ, ხეობაში არ უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”.