სახალხო დამცველი რიონის ხეობაში ჩავიდა

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა. ის ამჟამად გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც პოლიციას გადაადგილების შეზღუდვა აქვს დაწესებული და ხეობაში მოქალაქეების შესვლას ახლა უკვე რკინის ჯებირებითაც ზღუდავს.

ადგილზე იმყოფებიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტებიც. სახალხო დამცველი მათთან შეხვედრას გეგმავს.

„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უკვე გაავრცელა განცხადება, ჩვენ ვერ დავინახეთ დასაბუთება, თუ რა საჭიროება იყო იმის, რომ შეზღუდულიყო გადაადგილების თავისუფლება, მით უმეტეს, რომ არანაირი წინაპირობა, მინიშნება ან მოწოდება ძალადობრივ აქციასთან ან ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით არ ყოფილა. სამწუხაროდ, ვერც ადგილზე ვერ მივიღე განმარტება აქ მყოფი პოლიციელებისგან, თუმცა ჩვენ უკვე მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს  არა მარტო ამ ბლოგპოსტთან, არამედ ზოგადად გამოყენებულ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც პოლიცია მიმართავს ადგილზე და აუცილებლად შევისწავლით სამართლებრივ მხარეს, რა არგუმენტაცია აქვთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.  3 აპრილიდან პოლიციას გარკვეულ ლოკაციებზე, მათ შორის გუმათჰესთან, გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობის თქმით, მათ, ვისაც სურვილი აქვს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში მყოფ ადგილობრივებს შეუერთდნენ, ხეობაში არ უშვებენ.