გადაცემა, რომელიც აჭარის ტელევიზიაზე გადის, მალხაზ რეხვიაშვილს სამსახურს სთავაზობს

პუბლიკა

გადაცემა „ათვლის კუთხე”, რომელიც გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის, ამავე არხიდან დღეს გათავისუფლებულ ჟურნალისტს მალხაზ რეხვიაშვილს სამსახურს სთავაზობს. ამის შესახებ „ათვლის კუთხეს” ერთ-ერთი წამყვანი გიორგი არობელიძე facebook-ზე წერს.

„გადაცემა „ჰეშთეგის” წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო მაუწყებლიდან გაუშვეს.

„პლატფორმა-სოციალური სამართლიანობისთვის” ამზადებს გადაცემა „ათვლის კუთხეს”, რომელიც გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნათია ქარჩილაძის გადაწყვეტილებით, მალხაზ რეხვიაშვილს ვუკეთებთ საჯარო შეთავაზებას, დაემატოს „ათვლის კუთხის” გუნდს თანაწამყვანის ამპლუაში და ამ გზით გააგრძელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის სამსახური”, – წერს არობელიძე.


სატელევიზიო გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, რომელიც ამავდროულად აჭარის მაუწყებელში ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელია, არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან facebook-პოსტის გამო გაათავისუფლა. მალხაზ რეხვიაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

პოსტი, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდა, facebook-ზე 21 აპრილს დაიდო. ის ეხებოდა თეო თურმანიძის ეთერიდან მოხსნის საკითხს. თეო თურმანიძეც, ასევე სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტის გამო, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელის დისკრადიტაციაში დაადანაშაულა და მოხსნა ეთერიდან.

ამავე თემაზე:

► facebook-ზე განთავსებული პოსტის გამო აჭარის მაუწყებლიდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი გაათავისუფლეს;