„გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე" - კინემატოგრაფისტები

პუბლიკა

კინემატოგრაფისტების თქმით, კინოცენტრის ამჟამინდელ „მმართველთან“ ურთიერთობის ყველანაირი ბერკეტი გამოიყენეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ისინი აცხადებენ, გადადიან ბრძოლის ახალ ეტაპზე. გეგმების შესახებ კი მიმდინარე კვირაში გაავრცელებენ ინფორმაციას.

„ჩვენ ქართველი კინემატოგრაფისტები 9 დღის განმავლობაში კონკრეტული მოთხოვნებით ვიკრიბებოდით კინოცენტრთან და ვაპროტესტებდით მიმდინარე საეჭვო რეორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც კულტურის სამინისტროს მასზე კონტროლის გამკაცრება სურს. მოთხოვნების ადრესატი თეა წულუკიანის მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია იყო.

გუშინ, 20 ივნისს ჩვენს ადრესატად თავი კულტურის სამინისტრომ მოინიშნა და ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს შეურაცხყოფით, ცილისწამებით უპასუხა.

ჩვენ კინოცენტრის ამჟამინდელ „მმართველთან“ ურთიერთობის ყველანაირი ბერკეტი გამოვიყენეთ.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე. გეგმების შესახებ კი მიმდინარე კვირაში ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ხელოვნებას ცენზურის ვნებით შეპყრობილი პოლიტიკოსებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.


რა ხდება კინოცენტრში?

კინოცენტრში 10 ივნისს რეორგანიზაცია გამოცხადდა. წულუკიანის ბრძანებით გათავისუფლდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები და მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელსაც კინოსექტორში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პროპაგანდისტული არხის POST TV-ის წამყვანი, ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. მათ მხარდაჭერას უცხადებენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეთა თქმით, რეორგანიზაციის დაწყების საფუძველი ბუნდოვანია და ამ პროცესის მიზანი კინოცენტრის დამოუკიდებლობის ხელყოფაა.

მათი მოთხოვნებია:

1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. 2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.

დღეს კინოცენტრის საკითხს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო.