დღეს მე ვხედავ, რომ ქართული ახალი ტალღა იწყება - ალექსანდრე კობერიძე

პუბლიკა

კინორეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ კინოცენტრში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ამ პროცესმა კინოსფეროში ჩართული ადამიანები გააერთიანა საერთო მიზნის გარშემო, რაც მისი შეფასებით, შესაძლებელია, ახალი ტალღის დასაწყისია.

„რამდენჯერმე ბოლო წლებში ხან ჟურნალისტთან საუბრისას, ხან სხვადასხვა მომენტში ახსენეს ხოლმე ასეთი ტერმინი – ქართული ახალი ტალღა და ხშირად უკითხავთ, არსებობს თუ არა ასეთი რამ. მე ყოველთვის ამას ვეწინააღმდეგებოდი და ვამბობდი, ასეთი რამე არ არსებობს, ორი მიზეზის გამო: ერთი იმიტომ, რომ  ტალღა უნდა შექმნან გაერთიანებულმა ადამიანებმა და საქართველოში ეგეთი ერთობა არ გვაქვს კინოში მომუშავე ადამიანებს და მეორე – ტალღამ აუცილებლად უნდა წალეკოს რამე და მე ვამბობდი, რომ ეს ორი კომპონენტი არ არსებობს.

დღეს მე ვხედავ, რომ ასეთი ტალღა იწყება ერთი მხრივ ჩვენი გაერთიანებით და მეორე მხრივ იმ მიზნით, რაც გვაქვს, რომ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“, – განაცხადა ალექსანდრე კობერიძემ.


რა ხდება კინოცენტრში?

კინოცენტრში 10 ივნისს რეორგანიზაცია გამოცხადდა. წულუკიანის ბრძანებით გათავისუფლდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები და მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელსაც კინოსექტორში საქმიანობის გამოცდილება არ აქვს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ პროპაგანდისტული არხის POST TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

რეორგანიზაციის გამოცხადებას კინოცენტრის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. მათ მხარდაჭერას უცხადებენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეთა თქმით, რეორგანიზაციის დაწყების საფუძველი ბუნდოვანია და ამ პროცესის მიზანი კინოცენტრის დამოუკიდებლობის ხელყოფაა.

მათი მოთხოვნებია:

1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი. 2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.

დღეს კინოცენტრის საკითხს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო.