გადავიდა მანქანიდან და მიიმალა - გომელაური ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ბანკში მომხდარ თავდასხმასა და სპეცოპერაციის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა იყო, არავინ დაშავებულიყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს.

„გუშინ ძალიან მძიმე ღამე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის. ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო. პირველი ჩვენი ამოცანა იყო და დავალება, რომ არავინ დაზიანებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ, ნახეთ თქვენ ეტაპობრივად, იყო გამოშვებები – ჯერ იყო 14 კაცი, მერე 7 კაცი, მერე 9 კაცი.

რაც ყველაზე მთავარი იყო ჩვენი თანამშრომელი მივიდა. ჩვენ შევთავაზეთ რა თქმა უნდა, რომ ჩვენ გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, რამდენიც შენ გინდა. მან უარი გვითხრა, თავიდან საერთოდ უარს ამბობდა, მერე დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე.

მე მინდა ხაზი გავუსვა და დიდი მადლობა ვუთხრა ავთო გალდავას, რომელმაც თავი გასწირა. ეს არ არის ადვილი საქმე, დამერწმუნებით, და არც ჩემთვის იყო ადვილი ეს გადაწყვეტილება მიმეღო, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა, ან არ დაბრუნდებოდა ცოცხალი, არავინ არ იცოდა. მას ერთი წამით უარი არ უთქვამს.

გაჰყვა ეს ადამიანი, კიდევ წაიყვანა სამი ადამიანი, რომლებიც მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, რომ მიმალულიყვნენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა თუმცა რთული იყო, ჩვენ ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს. მანქანიდან გადავიდა და მიიმალა“, –  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯერ იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა ვინმე მძევლებს შორის თავდამსხმელის დამხარე შეუძლებელია. მისი თქმით, 43-ვე მძევალი იკითხება და მიმდინარეობს გამოძიება.


გუშინ, დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალსა და პოლიციის უფროსთან ერთად დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.