„გადაწყვეტილება აღასრულა მაღალ პროფესიულ დონეზე, მადლობა გომელაურს“ - სუბარი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შესახებ. უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს.

„გადაწყვეტილება აღასრულა ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე და მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს,  თითოეულ პოლიციელს. ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა იწყება მაშინ, როდესაც კანონი არ აღსრულდება.

სხვათა შორის ორ დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე. სწორედ იმან განაპირობა დამოუკიდებლობის დაცემა რომ აქ იყვნენ შიგნით ბოლშევიკური მეხუთე კოლონა რომელიც არ ემორჩილებოდა კანონს და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. დღეს ის დღე აღარ არის. დღეს  სახელმწიფო ძლიერია და კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება, “- გააცხადა სოზარ სუბარმა.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.