„გაეროს მოვუწოდებთ, ჩაერთოს ამ პროცესში" - დირექტორთა კონკურსის მონაწილეები

პუბლიკა

დირექტორთა კონკურსის მონაწილეები განათლების მინისტრის მხრიდან უფლებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით გაეროს ოფისს მიმართავენ.

მაია ეკალაძე და დავით ფერაძე, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებდნენ დირექტორების კონკურსის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებს. მათი განცხადებით, ისინი პროტესტს გაეროს ოფისთან აგრძელებენ.

„დღეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, სწორედ ამიტომ, მე და მაია ეკალაძემ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბრძოლა გაგვეგრძელებინა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან. 2 კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩვენი საპროტესტო აქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ნეპოტიზმისა და კორუფციის გასაპროტესტებლად.

გუშინ შევცვალეთ ტაქტიკა და დღეს დავიწყეთ გაეროსთან, იმიტომ, რომ გაეროს მოვუწოდებთ, ჩაერთოს ამ პროცესში. იმიტომ, რომ საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ასევე, არის დისკრიმინაციის დიდი ალბათობა მომავალში, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრმა ჩვენ მიგვითითა, რომ ის თურმე უთვალთვალებს ჩვენს პირად მიმოწერებს, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ფაბრიკაციებსაც ჰქონდეს ადგილი და სხვაგვარ დისკრედიტაციებსაც. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტრუქტურები, მათ შორის, გაერო ჩაერთოს ამ ამბებში.

ასევე, ჩვენ ვაპირებთ, რომ არცერთი წუთი არ გავჩერდეთ და ყოველი აქტივობა მინისტრისა იქნება ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან „პარტიზანული თავდასხმის ქვეშ”. ვგეგმავთ, რომ მსგავსი შეხვედრები გავმართოთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობასთან. ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ინფორმირებული იყო იქ (განათლების სამინისტროსთან) მიმდინარე პროცესებზე, ჯერჯერობით არცერთი მათგანისგან ჩვენ გამოხმაურება არ მიგვიღია”, – განაცხადა დირექტორობის კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ფერაძემ.


5 დეკემბერს მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და მის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და გელა გელაძეს შეხვდნენ.

ეს იყო „შეხვედრა შეხვედრისთვის“ – განაცხადეს შეხვედრიდან გამოსულებმა.

გიორგი ამილახვარმა 5 დეკემბრის ბრიფინგზე მიმდინარე პროცესები „2 ადამიანის პროტესტად” შეაფასა.

მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კი მედიასთან თქვა, რომ ეკალაძეს და ფერაძეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ – დირექტორებად დისკრეციით დანიშვნა.

მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და ითხოვს:

  • დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას;
  • მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებას იანვრიდან და არა ივლისიდან.

ეკალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს. მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.