გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, 2008 წლის მოვლენებში მონაწილეობდა - ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების განცხადება

პუბლიკა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე მორიგი განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო და როგორც სამხედრო ექიმი 2008 წლის მოვლენებში მონაწილეობდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა დაშავებულებს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, „გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს დილით, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე სოფელ საკორინთლოში, საიდანაც უკანონოდ გადაკვეთა საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავება.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

17 ნოემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება.