წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

პუბლიკა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ-ს) წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში დღეს, 14 საათზე დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადაეცა.

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ-ს დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას
გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ბ-ნი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს“, – ნათქვამია „წითელი ჯვრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ორგანიზაციის ცნობით, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ-ს ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან, დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

დღეს თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სამედიცინო საზოგადოების მიერ ინიცირებული თეთრი ხალათების აქცია გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ კლინიკაში გამართეს. მას შეურთდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები.

აქცია გაიმართა სხვადასხვა უნივერსიტეტებშიც და ბათუმში.

LB loan image desktop LB loan image mobile