„გაგვეცით პასუხი" - მიტროპოლიტი სტეფანე ხელისუფლებას ნამახვანჰესზე პასუხებს სთხოვს

პუბლიკა

„ხელისუფლებას უნდა დავუსვათ კითხვა და პასუხი უნდა გაგვცენ, მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობა? ვინმემ გარკვევით გაგვცეს პასუხი… მე ამას გამიზნულად ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ამის დამალვა არ შეიძლება… უნდა ვიცოდეთ, რატომ გადაეცემა, რა მიზეზით და რა პირობებია”, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ გუშინ, 3 თებერვალს წირვის დასრულების შემდეგ ამბიონიდან განაცხადა.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა რიონის ხეობის მოსახლეობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჰესთან დაკავშირებთ დასაბუთებული ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას.

„მე მინდა, რომ თანაგრძნობა, თანადგომა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც არაფერს ცუდს არ ითხოვს, იბრძვის და იღვწის იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ ნათლად, რა ინტერესები ტრიალებს ხეობაში და რა ჰესი უნდა აშენდეს ისეთი, რომელსაც 99 წლით ხეობის გადაცემა სჭირდება და რა უნდა იყოს ამის შედეგი და რა მოგება უნდა ვნახოთ ჩვენ.

…იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ არაა გარკვევით ნათქვამი და დასაბუთებული, რა შეიძლება მოჰყვეს 110 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ნამახვანზე… რა შედეგი იქნება – ჩვენ მატერიალურად რას მოვიგებთ, ტარიფში მოვიგებთ, რაში მოვიგებთ? ეს ერთი საკითხი. მერე მეორე – რა დაინგრევა და რა ფარავს – ზარალი ფარავს თუ მოგება…”, – აღნიშნა მან.

სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვენ სამოქალაქე საზოგადოების წევრებიც. ამის შესახებ საუბრობენ სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” და ადგილობრივი აქტივისტები.

„პუბლიკასთან” საუბრისას „მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი განმარტავს, რომ ნამახვანის ჰესთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც გაწერილია ფასები, პირობები, მხარეების ვალდებულებები, საჯარო არაა და „არ ვიცით, სინამდვილეში, შიგნით რა წერია”. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ ნახოს, რა პირობებზეა საუბარი და შეფასდეს, რამდენად მომგებიანია ის სახელმწიფოსთვის.

რაც შეეხება სახელმწიფო ქონების გადაცემას, ჭიპაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ინვესტორ კომპანიას მთავრობის 2019 წლის განკარგულებით გადაეცა. მასში საუბარია როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობის უფლებით ტყისა და სხვადასხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემაზე. მისივე თქმით, წესით და რიგით ეს განკარგულება უნდა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებიდან. ჭიპაშვილი განკარგულებაზე დაყრდნობით წერს, რომ:

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით, შპს „ენკა რინიუებლზს” გადაეცა 576.3 ჰექტარი (5 763 023 კვ.მ) ფართობის სახელმწიფო ქონება 1705 ლარად, მათ შორის, 198.12 ჰექტარი (1 981 220 კვ.მ) ტყე.

უფრო კონკრეტულად:

  1. 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბო);
  2. აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად (მთელი ქონება), გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე.

ჭიპაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ აღნიშნული განკარგულება გაიცა მანამდე, სანამ ნამახვანჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემოდა [გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ნიშნავს, რომ სამინისტრო უფლებას აძლევს პროექტის წარმდგენს, განახორციელოს ის]. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 28 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ქვედა ნამახვანის ჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

„აქ პრობლემური კიდევ ის არის, რომ ამის გადაცემა მოხდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე. 2019 წლის ნოემბერში, რა იცოდა მთავრობამ, იქნებ ვერ იღებდა ამ ნებართვას პროექტი? ეს არის მანკიერი პრაქტიკა, როცა წინასწარ გადასცეს ქონება, ისე, რომ [არ იცოდნენ იღებდა თუ არა კომპანია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას]”, – ამბობს ჭიპაშვილი.

ორშაბათს გამართულ კომიტეტის სხდომაზე ხელშეკრულების გასაჯაროებისა და საჯარო განხილვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას.

„ჩვენ ჩავაბარეთ მიმართვა შესაბამისი კომიტეტებისა და ეკონომიკის სამინისტროს სახელზე, საჯარო განხილვის გამართვის შეხსენებისთვის, რომ მოვიდეს პარლამენტში. ჩვენ ცალსახად ხომ არ ვამბობთ, რომ ცუდია, ან კარგია. პასუხი გაგვცენ, იქნება მართალს ამბობენ. და რაც მთავარია, გაასაჯაროვოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება… სანამ შეუქცევადი გახდება ეს პროცესები და სანამ ხეობა მართლა განადგურდება, ფერდობების ჩამოჭრა დაიწყება, მანამდე ჩატარდეს ეს საჯარო განხილვა, რომ გავიგოთ, იქნება ჩვენ ვცდებით, თუ მთავრობა ცდება”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.