მოკლედ ნამოხვანის ჰესის დარღვევებზე

პუბლიკა

ავტორი: ირაკლი მაჭარაშვილი

მთავრობამ ნამოხვანის ჰესის [1] კასკადის აშენების გადაწყვეტილება 2015 წელს მიიღო. 2015 წლის 25 დეკემბერს  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საფუძველზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ” მშენებლობის ნებართვა გასცა.

2015 წელს მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში არ იყო სანდო და ხარისხიანი. შესაბამისად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა უკანონოდ გაიცა. ეს დადასტურდა 2019 წელს, როდესაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ  „შპს ,,ენკა რინიუებლზმა“ განცხადებით მიმართა სამინისტროს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „დამტკიცებული“ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო და ის საფუძვლიან ცვლილებას საჭიროებდა.

2015 წელს ჩადენილი უკანონობა უნებურად აღიარა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც, რომელმაც დაავალა მშენებელ კომპანიას, რომ შეცვლილი პროექტისათვის მოემზადებინა ახალი გზშ ანგარიში და თავიდან აეღო ყველა სანებართვო დოკუმენტი (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა).  

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს დავალების [2] შესაბამისად, კომპანიას უნდა მოემზადებინა ნამოხვანის კასკადში შემავალი ორივე ჰესის (100 მგვტ დადგმული სიმძლავრის ზემო ნამოხვანის და 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვემო ნამოხვანის) გზშ ანგარიში, მან მხოლოდ ქვემო ნამოხვანის ჰესის გზშ ანგარიში მოამზადა, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ქვედა ნამოხვანის ჰესის პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

დაინტერესებულ საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა კი ადგილობრივ მოსახლეობას, არ მიეცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადოდ ჩართვის შესაძლებობა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ უხეში დარღვევებით, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ბათილად იქნეს ცნობილი.  კერძოდ, გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა არა უშუალოდ პროექტის განხორციელების ადგილზე, არამედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი სოფლებიდან დაახლოებით 50 კმ დაშორებით.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალათ დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისათვის, საჯარო განხილვის დრო წინა დღით შეიცვალ და ის უფრო ადრე ჩატარდა, ხოლო თბილისიდან და პროექტის განხორციელების არეალიდან ჩასულ მოქალაქეებს სხდომათა დარბაზი საჯარო მოხელეებითა და კომპანიის წარმომადგენლებით გადავსებული დახვდათ. დაინტერესებულ საზოგადოებას მაქსიმალურად შეუზღუდეს კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობა.

შპს ,,ენკა რინიუებლზისმიერ მომზადებულ გზშ ანგარიშში არ იყო წარმოდგენილი კანონმდებლობით სავალდებულო არაერთი კვლევა, რომლებიც აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად.

ასეთ გზშ ანგარიშზე  ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) გაცემა ნიშნავს, რომ სამინისტროს არ შეუფასებია ბუნებრივ და კულტურულ გარემოსთან, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან, გეოლოგიურ და სეისმურ საფრთხეებთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საფრთხეები. ამას ადასტურებს თავად მინისტრის ბრძანებაც, სადაც კომპანიას დაავალა ნებართვის მიღების შემდეგ,  პოსტ ფაქტუმ, ჩაეტარებინა 30-ზე მეტი ისეთი კვლევა, რომელთა ჩატარება კანონმდებლობით სავალდებულო და კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

მაგალითად, ერთერთ ყველაზე პრობლემურ საკითხზე, რომელიცაა ჰესების მოწყობის შედეგად კლიმატის სავარაუდო ცვლილება და მისი გავლენა მოცემული მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხზე, სამინისტროს ქვეუწყებებსაც კი საგანგაშო დასკვნები აქვთ გამოტანილი. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის მისაღებად საჭიროა ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევარომელიც დაფუძნებული იქნება, როგორც კლიმატის, ასევე ყურძნისა და წარმოებული ღვინის პარამეტრების კომპლექსურ შეფასებასა და ანალიზზე“.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, „მიკროკლიმატზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გამოყენებული მონაცემები არ ეფუძნება მეტეოსადგურის რეალურ მონაცემებს. შესაბამისად, შესაძლებელია ზუსტად ვერ ასახავდეს საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ცვლილებებს, რომელიც განპირობებულია რელიეფის თავისებურებებით და სიმაღლეთა სხვაობით“.

ცენტრი აღნიშნავს, რომპროექტის განხორციელებამ  „შესაძლებელია იმოქმედოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტენის და ტემპერატურის სეზონურ და/ან დღეღამურ რეჟიმზე“.

დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ სამინისტროს ეტაპობრივად წარუდგინა გარემოსდაცვითი გადაწყვტილების პირობებით მოთხოვნილი კვლევების გარკვეული ნაწილი. სამინისტრომ ისინი ისე შეითანხმა, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობასა და  ექსპერტებს არ მისცემიათ მათი გაცნობისა და განხილვის შესაძლებლობა. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცება, თითქოს კომპანიამ ყველა პირობა შეასრულა, არ არის სარწმუნო, ვინაიდან ეს დოკუმენტები მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ განხილული.

არ არის ცნობილი, რამდენად სრულყოფილია, როგორ დონეზეა შესრულებული ისინი და რამდენად შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მინისტრის ბრძანების პირობა. სამინისტროს თანამშრომელთა ექსპერტიზა და პროფესიული ეთიკა რომ ნდობას არ იმსახურებს, ამაზე კარგად მეტყველებს თუნდაც დარიალჰესის მაგალითი.

დევდორაკის მყინვარის ძირში დარიალჰესის  (ისევე როგორც ლარსიჰესი) მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, არ იქნა სათანადოდ შეფასებული მოსალოდნელი ბუნებრივი საფრთხეები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა სამი სიტყვისგან შედგებოდა: „არ მაქვს შენიშვნები“.

შედეგად, დარიალჰესი და ლარსიჰესი არაერთხელ დააზიანა მყინვარ დევდორაკიდან წამოსულმა გლაციალურმა ღვარცოფმა. 2014 წლის 17 მაისს და 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაიღუპა ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ადამიანიამ ტრაგედიაზე რეაგირების მიზნითსამინისტრომ პარალელური რეალობა შექმნა  – თითქოსმავანიამბობდა, რომ სტიქია ჰესმა გამოიწვია. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც მთავარ როლს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ასრულებდნენ. კომისიამ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგდაადგინა“, რომ ჰესსსტიქია არ გამოუწვევია.

დასკვნაშიარაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელი იყო გარდუვალი ბუნებრივი საფრთხეების გამო; რომ დაუშვებელი იყო ასევე მუშათა ბანაკის განთავსება (რამდენიმე ადამიანი სწორედ მუშათა ბანაკში მოკლა სტიქიამ); ხოლო, 2014 წლის 20 აგვისტოს, განმეორებითი სტიქიის დროს, ჰესის გვირაბში მუშების დაღუპვა გამოიწვია კომპანიის მიერსამუშაოების ისე განახლებამ, როცა ამის უფლება არ ჰქონდაეს ყოველივეგეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა 2020 წელს თვითნვე აღიარამისი განცხადებით,კვლევები არც იყო საჭირო იმის დასადგენად, რომ ამ ადგილას არ შეიძლებოდა ჰესების აშენება.

აღსანიშნავია, რომ ნამოხვანის ჰესების პროექტი არა მხოლოდ ბუნებრივი, სოციალური და კულტურული გარემოსთვის არის საფრთხე. ის ქვეყნის ბიუჯეტს ფინანსურ ზარალს, ხოლო მოსახლეობას გაძვირებულ ტარიფს მოუტანს. მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე მომზადებული ანგარიშის თანახმად, დაგეგმილი ნამოხვანისჰესის (ნენსკრა-ჰესის და კორომხეთი-ჰესის პროექტებთან ერთად) პროექტი საქართველოს ბიუჯეტს 474 მილიონი დოლარის ზარალს მიაყენებს, კომპანიებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებებისა და ამ ხელშეკრულებებით დადგენილი ტარიფის გათვალისწინებით.

მომხმარებლებისათვის დენის ტარიფი გაიზრდება და 2025 წლისათვის 21,5 თეთრს მიაღწევს. ამგვარი ეკონომიკური გათვლები შეუძლებელია ჩაითვალოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებად და ელიტური კორუფციის საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ნამოხვანის კასკადთანმიმართებაში მთავრობის პოლიტიკა რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. 2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტის საქართველოევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისას მიღებულ რეზოლუციაში აღნიშულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოსევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“.

2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში ევროპარლამენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე და მოუწოდა საქართველოს მთავრობას  გაზარდოს საზოგადოების მონაწილეობის დონე/ხარისხი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას;  ევროპარლამენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს ჰიდროენერგიის შემდგომი განვითარება და, აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოსთხოვა საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, კერძოდ, გზშ პროცესის გამჭვირვალობა, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

მთავრობის პოლიტიკა ნამოხვანის ჰესთან მიმართებაში ძალზე ცუდი სიგნალია არა მხოლოდ ევროკავშირისათვის, არამედ ინვესტორებისთვისაც. არსებული დარღვევები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცუდი საინვესტიციო გარემოა, ვინაიდან კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.


[1] დოკუმენტაციაში, ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სახელია „ნამახვან ჰესი“, თუმცა, ადგილის სახელწოდებაა „ნამოხვანი“ და მოსახლეობაც ჰესს „ნამოხვანის ჰესს“ უწოდებს.

[2] ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებებზე (ექსპლუატაციის პირობების შეცვლა) სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის N 2-143 ბრძანება, 14.02.2019.