ონისა და ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პარლამენტში 10 000 ხელმოწერით პეტიცია შეიტანეს

პუბლიკა

„არა ნამახვანჰესს! სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“, – პარლამენტთან რიონის ხეობის მოსახლეობისადმი სოლიდარობისა და სამართლიანი ენერგოპოლიტიკის მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციაზე 10 000-ზე მეტი ხელმოწერაც წარმოადგინეს, რომლებიც ნამახვანისა და ონის ჰესების შეჩერების მოთხოვნით საქართველოში შეგროვდა. ხელმოწერები შეიტანეს პარლამენტში და მათ ასევე წარუდგენენ პეტიციის ადრესატ სამინისტროებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

პეტიციის მოთხოვნებია:

► შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების – ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა;
► დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები;
► საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას;
► გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებები.

პეტიციის ადრესატები არიან: საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

„ეს არის ის საკითხი, რომელზეც აუცილებელია, სასწრაფო წესით დაიწყოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საჯარო განხილვები. სხვა შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მეთოდებით ამგვარი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების იგნორირება, დაუშვებელია”, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი.

პარლამენტში მიმართვა შეიტანა ასევე სამოქალაქო ინიციატივამ „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის”. მათ მოთხოვნებს შორის არის, რომ შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა და შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.