გახარიას თქმით, მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდაზე დაპირება ძალაშია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განათლების სისტემაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, განათლების რეფორმა გრძელვადიანი და კომპლექსური რეფორმაა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა საფეხურს.

„არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს რეფორმა დასრულდება ერთ ან ორ წელიწადში. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების რეფორმაზე ბევრ თაობას მოუწევს მუშაობა, იმისთვის, რომ მდგრადი იყოს ქართული განათლების სისტემა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია.

„ეს გახლავთ ახალი სკოლის მოდელი, რომელიც ეხება 4000-ზე მეტ მასწავლებელს. სრულდება სკოლების ინტერნეტიზაციის პროცესი, რომელიც მალე უნდა დასრულდეს. 2000-ზე მეტი სკოლა სრულად უნდა დაიფაროს ინტერნეტით“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, შეუძლებელია, ვისაუბროთ რეფორმაზე განათლების სისტემაში, თუ არ გვეყოლება მაღალი კომპეტენციის ღირსეულად ანაზღაურებადი მასწავლებლები.

„ამიტომ რეალურად ის ზრდა, რომელიც დაანონსებულია მასწავლებლებისთვის უნდა გაგრძელდეს და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. საპენსიო ასაკის 4826 პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზეა. ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, პროექტს ორი მიზანი აქვს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პედაგოგების ღირსეულ პენსიას და, მეორე მხრივ, სკოლები ახალი კადრებითვის იხსნება.