გამარჯვება არის გარდაუვალი - ხატია დეკანოიძე მხარდამჭერებს მიმართავს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისი მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ იქნება მაქსიმალური მობილიზება საარჩევნო უბნებზე, რათა ყველას ხმა იყოს დაცული.

მისი თქმით, ხვალიდან ქვეყანამ უნდა გაიღვიძოს სრულიად სხვა რეალობაში. მან მოუწოდა მხარდამჭერებს, არ დარჩნენ სახლში.

„ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ სახლში, ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორთან, ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში, მობრძანდით უბანზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მოხალისეობრივი ჯგუფი… ამ პერიოდში ჩვენს შტაბში არ წყდებოდა ადამიანების მოსვლა, ყველა ადამიანი მიდის დამკვირვებლად, ვისაც აწუხებს ხვალინდელი დღე, ჩვენი ქვეყნის ბედი. დიახ, ხვალიდან უნდა დასრულდეს ზიზღი, აგრესია და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვართ ძალიან ბევრი.

მე მინდა განსაკუთრებით მივესალმო საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელზეც ჩვენ ყველა აქ ვნერვიულობთ, თუმცა გვესმის – რატომ აკეთებს ის ამას და რატომ გადის მის თავისუფლებაზე ხვალინდელი გამარჯვება. გამარჯვება არის გარდაუვალი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.