გამოსახლებულ 8-სულიან ოჯახს გამგეობა ბინით დაკმაყოფილებას ჰპირდება

პუბლიკა

დიღმის მასივში 8-სულიანი ოჯახი ბინიდან აღსრულების ბიურომ დღეს გამოასახლა. დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გამგეობა ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფს.

გამგებლის თქმით, ოჯახი კოოპერატივით დაზარალებულთა სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბინას მიიღებენ, თუმცა ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადას, თუ როდის დაიწყება პროგრამის მეორე ეტაპი და როდის მიიღებს ოჯახი ბინას.

„ამ ოჯახს თვე-ნახევარი ვთავაზობდი ბინის ქირით უზრუნველყოფას. ასევე ეს ადამიანები არიან კოოპერატივით დაზარალებულების დაკმაყოფილების პროგრამაში და მეორე ეტაპის დაწყებისთანავე პირვილი ესენი მიიღებენ ბინას“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

გამგებლის თქმით, გამოსახლებულ ოჯახსა და აღსრულების ბიუროსაც აქვთ დოკუმენტი, რომელშიც „ქონების მართვის სააგენტო წერს, რომ გამოსახლებული ოჯახი მეორე ეტაპის დაწყებისთანავე მიიღებს ბინას“.

დიღმის მასივში 8-სულიანი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს. საკეტი გამოცვალეს და კარი დალუქეს.

ილია სეხნიაშვილი 4 მცირეწლოვან დისშვილთან, 2 დასთან და დედასთან ერთად ამჯერად ბინაში შესვლას ვეღარ ახერხებს. ოჯახის კუთვნილი ინვენტარი ახლა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოშია დაწყობილი.

სეხნიაშვილი ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან იპოთეკური სესხი აიღეს. თანხა ოჯახში არსებული პრობლემების გამო დასჭირდათ.

„15 ათას დოლარად ჩავდეთ სახლი იპოთეკაში, 300 დოლარს ვიხდიდით ყოველთვე, მხოლოდ პროცენტს. მარტო რამდენიმე თვე შევძელით და მერე ვეღარ გადავიხადეთ, ვინაიდან ოჯახის ერთი წევრიც არაა დასაქმებული“, – ამბობს სეხნიაშვილი.

მისი თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბინა აუქციონზე გაყიდა, ახლა მისი მესაკუთრე კერძო პირია, რომელმაც ბინა 20 ათას დოლარად შეიძინა. ოჯახი მათ სთხოვდა, რომ თავად გაყიდიდა ბინას და მათ 30 ათას დოლარს მისცემდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

„30 ათასს ვაძლევთ, ვეხვეწებით. პრინციპულად უნდათ ჩვენი ქუჩაში დატოვება? ისეთი უემოციოა, ვერც დაველაპარაკეთ.  გამოშვებული ჰყავს წარმომადგენელი, რომელსაც ერთი სიტყვა აქვს დაბარებული – არა. ყველაფერზე ამას ამბობს“, – ამბობს სეხნიაშვილი.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას დიდუბის გამგეობაში განაცხადეს, მერია გამოსახლებულ ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფს.