გამოყოფილია სივრცე, სადაც ქუჩაში მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

ქეთი გოგუაძე

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ” მიიღო გადაწყვეტილება, დაიქირავოს სპეციალური ფართები, სადაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. ამის შესახებ განცხადებას სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა.

„ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ

გუშინ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებსაც თავშესაფარი არ აქვთ, ღამეს მეტროსადგურებსა და ავტობუსებში ათევენ და მოუწოდა სახელმწიფოს, რისკის თავიდან აცილებისა და არასრულწლოვნების თავშესაფრითა და სხვა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით მიუსაფარი არასრულწლოვნები განთავსდნენ  2 კვირის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში და დაუყოვნებლივ შეიქმნას მათზე ზრუნვის ალტერნატიული ცენტრები, სადაც კარანტინის გავლის შემდგომ იცხოვრებენ.