კორონავირუსი და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები – ვინ ზრუნავს მათზე

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავენ. მათ შორისაა: პირადი ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება და გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმთან კონსულტაცია.

საქართველოს მთავრობამ დაიწყო კამპანია „დარჩი სახლში”, რომლითაც მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა,  სამსახურებსა თუ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავებას სთხოვენ.

„პუბლიკა” დაინტერესდა, პანდემიის პირობებში როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებასა და მათზე ზრუნვის რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში.

UNICEF-ის ბოლო კვლევით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, საქართველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პოპულაცია რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

✔️ ბავშვები ქუჩაში ყოფნისას არ არიან მშობლის მზრუნველობის ქვეშ, თუმცა მათ შეიძლება კონტაქტი ჰქონდეთ მშობლებთან;

✔️ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში მუშაობენ ან სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობით არიან დაკავებული, მშობლები რეგულარულად უზრუნველყოფენ საკვებით და სხვა რესურსებით;

✔️ ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მომუშავე უფროსის თანხლებით არიან, ქუჩაში მუშაობენ, მაგრამ იქ არ სძინავთ;

✔️ უსახლკარო ოჯახების ბავშვების სიტუაცია ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვების სიტუაციის მსგავსია, მაგრამ ისინი ღამით სახლში არ ბრუნდებიან.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე.

რას ამბობენ სახალხო დამცველის აპარატში

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის ჰიგიენის დაცვა, შესაბამისი კვება და საცხოვრებელი გარემო, ხშირ შემთხვევაში, დაუკმაყოფილებელი საბაზისო მოთხოვნებია.

მისი თქმით, ობუდსმენის აპარატს, ჯერჯერობით, არ აქვს გამოკვეთილი კონკრეტული პრობლემა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან მიმართებით,  თუმცა მათი უფლებების დარღვევის, საცხოვრებელი და ყოფითი პირობების გათვალისწინებით, ისინი ვირუსის გავრცელების რისკჯგუფს წარმოადგენენ.

„ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ზოგადად, პრობლემურია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირება, მათთან კონტაქტი და  შემდგომში მათი დაცვა და დახმარება. ეს ხშირ შემთხვევაში ვერ სრულდება სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანად. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ყველანაირს ძალისხმევას მიმართოს ამ ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – აცხადებს ეკა სხილაძე.

სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბავშვებზე მთელი საქართველოს მასშტაბით სათანადოდ იზრუნოს.

„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა მოქმედებს მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. დიდი სეგმენტი რჩება დაუფარავი, მაგალითად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

სახელმწიფოს ევალება, იზრუნოს მიუსაფარ ბავშვებზე, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე სოციალური სამსახურის მეშვეობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალურ დონეზე სოციალური სამსახურის ჩართულობით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიურობით მოხდეს იდენტიფიცირება, საჭიროებების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე შესაბემისი პასუხი, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ ძირითადი რეკომენდაციების შესრულება, რაც ამ ვირუსთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა სხილაძემ.

რას აკეთებს სახელმწიფო?

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე აწარმოებს მონიტორინგს.

სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ გვითხრა, რომ გაიზარდა მობილური ჯგუფების რაოდენობა, რომლებიც დადიან და ცდილობენ, ბავშვები კრიზისულ ცენტრებში გადაიყვანონ.

„გვაქვს სადღეღამისო სერვისი – კრიზისული ცენტრები, სადაც ხდება ამ ბავშვების განთავსება და იქაც განსაკუთრებულ ზომებს მივმართავთ. მაქსიმალურად ვიცავთ იმ რეკომენდაციებს,  რომელიც არის გაცემული დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან.

გავაძლიერეთ მობილური ჯგუფები, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი. ვიღებთ შეტყობინებებსაც. თუ არიან ქუჩაში, ამის დაფიქსირებაც ხდება ცხელ ხაზზე, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ადგილსამყოფელის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით ის წერტილები, სადაც შეიძლება, ამ ბავშვების მოძიება“, – ამბობს მერი მაღლაფერიძე.

შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა ბავშვების თავშესაფრით უზრუნველყოფას სხვა ქალაქებშიც, მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა „დაემატოს სერვისები”.

„გაეროს ბავშვთა ფონდიდან“ „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მათ აქვთ კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, როგორ უნდა დაიცვან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან.

UNICEF-ის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ზოგადი სიტუაციის შემსუბუქების მიზნით, ევროკავშირთან ერთად დაეხმარნენ  სახელმწიფოს, შექმნილიყო სახელმწიფო მექანიზმი ამ ბავშვების დასხმარებლად, რაც აქამდე არ არსებობდა.

„ინიციატივის ფარგლებში მოხდა ამ ბავშვების იდენტიფიცირება და მათი კონკრეტულ პროგრამებში ჩართვა. შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომელთა მიზანი ბავშვების ქუჩაში მოძიება და მათი დახმარებაა, დღის ცენტრები და ღამის თავშესაფრები, სადაც ხდება ბავშვების ძირითადი საჭიროებების (საკვები, ჰიგიენა და სხვ.) დაკმაყოფილება; მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; სასიცოცხლო უნარ-ჩვევებისა და არაფორმალური განათლების პროგრამაში მათი ჩართვა“, – ამბობს მაია ქურციკიძე.

დღის ცენტრები და თავშესაფრები

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვებს დღისა და ღამის თავშესაფრებით უზრუნველყოფენ.

„კარიტასის” წარმომადგენელმა, თამარ შარაშიძემ განგვიცხადა, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს, თავშესაფარში მყოფი მიუსაფარი ბავშვები გარეთ არ გავიდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს ძალიან რთულია, რადგან ბავშვებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ქუჩის მიმართ.

„რომ გითხრათ, რომ დიდი მიღწევები გვაქვს, არა, მაგრამ რაღაც სახის მიღწევები გვაქვს. შეხვედრებს ვატარებთ, საუბრებს – ინდივიდუალურსა და ჯგუფურს. ღამის თავშესაფარი ნახევრად დაკეტილი გვაქვს, იმიტომ, რომ მთლიანად ბავშვებს ვერ ჩავკეტავთ. ამ ბავშვებს აქვთ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა ქუჩასთან და ნამდვილად რთულია, თუმცა შედარებით შევამცირეთ მათი დამოუკიდებლად და დაუკითხავად გასვლა”, – განგვიცხადა შარაშიძემ.

„კარიტასს“ აქვს დღის ცენტრიც ბავშვებისთვის, რომლებიც მხოლოდ დღისით სარგებლობენ ორგანიზაციის სერვისებით.

თამარ შარაშიძის თქმით, კარანტინის გამო, დღის ცენტრი ამ ეტაპზე დაკეტილია. მობილურმა ჯგუფმა პროდუქტების ნაწილი ბენეფიციარებზე გაანაწილა, თუმცა, მისი განმარტებით, დღის ცენტრის მუშაობა შეწყვიტეს, რადგან ის იმავე შენობაში მდებარეობს, რომელშიც თავშესაფარი და საფრთხეს წარმოადგენდა იქ მცხოვრები ბავშვებისთვის.

კარანტინია გამოცხადებული ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენში“, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ბავშვებს დღისა და ღამის თავშესაფრებით.

„ეტაპობრივად ვაკეთებთ ჰიგიენისა და საკვების დისტრიბუციას  მათთვის, ვინც არიან რეგისტრირებულები ჩვენს ბაზებში. თავშესაფრებში ვინც ცხოვრობს, დაცულია, თავშესაფარი კარანტინშია და 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ აღმზრდელები და პედაგოგები”, – განუცხადა პუბლიკას ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაია მგელიაშვილმა.

მისი განმარტებით, დღის ცენტრებში ისეთი ბავშვები დადიან, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ.