„ზოგადად, განათლების მინისტრების ასეთი ხშირი ცვლილებება განათლების თანმიმდევრული პოლიტიკისთვის რომ დამანგრეველია, ეს ერთი საკითხია, მაგრამ წინასაარჩევნო წლის დასაწყისში მინისტრის შეცვლა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო საგანგაშოა“. – ასე აფასებს განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის ფაქტს.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სისტემის პოლიტიზების მცდელობა არაერთხელ გვინახავს და ეს აღარ უნდა განმეორდეს.
„არ უნდა მოხდეს სისტემის უფრო მეტად პოლიტიზება და წინასაარჩევნო რეჟიმში განათლების სამინისტროს მენეჯმენტის გადაყვანა, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს არა მარტო ამ ხელისუფლების დროს, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველა მმართველობის დროს ჩვენ ვხედავთ, რომ განათლების სისტემა გამოიყენება ინსტრუმენტად საარჩევნო პროცესებში, რაც მიუღებელია როგორც სისტემაში მყოფი ადამიანების, ისე სამოქალაქო სექტორისთვის.“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.
მისივე თქმით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ვინ დაინიშნება განათლების მინისტრად.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, როცა საარჩევნო პროცესები იწყება საქართველოში, განათლების მინისტრად არ დაინიშნოს პარტიული აქტივისტი ან ორგანიზატორი.“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.
მისი შეფასებით, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხრივ და ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო.
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გახარიას განმარტებით, გადადგომის თხოვნით მას თავად ბატიაშვილმა მიმართა.