პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მინისტრი სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს.
მინისტრი ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. გიორგი ამილახვრისგან შემდეგ შეკითხვებზე ითხოვდნენ პასუხს: კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის უმოკლეს დროში დასანერგად და რომელი წლიდან იგეგმება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა? როგორია სამინისტროს ხედვა მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავებაზე, მისი განხორციელების გზებზე, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე?
მინისტრს არ დაუსახელებია კონკრეტული ვადები, როდიდან უნდა ველოდოთ სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვას.
მისი განმარტებით, იმისათვის, რომ სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაინერგოს, პირველ რიგში უნდა მოგვარდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი.
მინისტრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, პრემიერის ინიციატივით, საქართველოში 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობაა დაწყებული. გარდა ამისა, დონორების დაფინანსებით მიმდინარეობს 270-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
„საერთო ჯამში 1000-ზე მეტი სკოლის გეგმაა გაწერილი ვადებით. ბუნებრივია, ეს ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება და რამდენიმე წელიწადი დასჭირდება, ფაზებად გვაქვს დაყოფილი“, – ამბობს მინისტრი.
მინისტრის თქმით, თუკი არ მოგვარდება სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი, არ შეიქმნება შესაბამისი სივრცეები – ბუფეტები და ა.შ. „რთული იქნება დავიწყოთ ამ პროცესის [სასკოლო კვების] მოგვარებაზე ფიქრი“.
„თუ ჩვენ ავიღებთ იმ მოცემულობას და დაველოდებით პირობითად ამ ათასი სკოლის დასრულებას, ბუნებრივია, მაშინ შევძლებთ ერთდროულად, ერთი მიდგომით განვახორციელოთ ეს პროგრამა, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს სწორად.
მე მიმაჩნია, რომ ეტაპ-ეტაპ ჩვენ დავიწყოთ გარკვეულ საკითხებზე, ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმ მსჯელობას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვლების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ ამას დავიწყებთ ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია რაიმე გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი“, – ამბობს მინისტრი.
მინისტრმა დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია სამი მოდელის შესახებ, რომელზეც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად ეტაპობრივად შეეცდებიან, რომ „პირველ რიგში სწორი კონცეფცია ჩამოაყალიბონ“, შესთავაზონ საზოგადოებას და შემდგომ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელონ.
მინისტრის თქმით, პირველი – ეს არის, ე.წ. ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა და დამოუკიდებლად შეუძლია სკოლას საკვების მომზადება. მინისტრი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდგომ უმრავლეს სკოლაში იქნება ამის შესაძლებლობა. „მაგრამ აქ ყველას კარგად გვესმის, რომ დრო დაგვჭირდება“, – ამბობს მინისტრი.
მეორე – ეს არის ე.წ. ცენტრალიზებული, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი საწარმო, რომელიც ე.წ. ნახევარფაბრიკატებს შემდგომ აწვდის სკოლებს და იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება.
მესამე – ეს არის სკოლებში საკვების მიტანა, ე.წ. ლანჩბოქსები. მინისტრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ისეთ დიდ პრობლემებთან გამკლავებაა საჭირო, როგორიცაა, დისტრიბუცია, რაც ნაკლებად ეხება დიდ ქალაქებს, თუმცა პატარა დასახელებებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა – „მაგრამ აქაც არის გამოსავალი, ჩვენ შეგვიძლია დავასუბსიდიროთ ბიზნესი, მაგრამ მეორე აქ არის უფრო მნიშვნელოვანი, ეს არის სურსათის უვნებლობა, შენახვის პირობები, ყოველდღე მისი მიწოდება, შემდგომ საკვების გამორჩევა, ვიღაც შესაძლოა ალერგიულია და ა.შ.“.
მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, პრობლემები იდენტიფიცირებულია, მოდელების ვერსიებზე მიდის მუშაობა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების კვალდაკვალ.
„ამიტომ, თუ გულწრფელად გნებავთ ამ საკითხებზე ჩვენ ვიმუშაოთ, დანახულია პრობლემა, ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ და არავინ გაურბის ამ პრობლემას. ამაზე ვმუშაობთ, არის შესაძლებლობაც, რომ შესაბამისი რესურსები მოიძებნოს ბიუჯეტში, მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ფინანსების საკითხი, საჭიროა სხვა ამოცანების მოგვარება. ვისაც გულწრფელად გნებავთ და გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, მათ კვებაზე გეპატიჟებით ჩვენს სამუშაო ჯგუფში და მოგისმენთ სიამოვნებით“, – უთხრა მინისტრმა დეპუტატებს.
როგორც მინისტრმა განმარტა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ორი მიმართულებით: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საქართველოს რეალობის შესწავლა. საპილოტე რეგიონად ქართლი შეირჩა.