საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო, ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს.
გიორგი მსხილაძის შეფასებით, საპენსიო ფონდში განხორციელებული ცვლილება აჩენს ეჭვს, რომ მოემსახურება მმართველი ძალის ინტერესებს.
„განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერი. ადრე მოქმედი მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია.
აღნიშნული ცვლილება აჩენს ეჭვს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებით სხვადასხვა ნაკლებად მომგებიან სამთავრობო პროექტში და ის არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომლებიც რეპუტაციულად აზიანებს რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას.
მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან, შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
დღეს, 12 ივლისს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, თუმცა არც მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნა. პაპუაშვილის თქმით, კანონს ხელს თავად მოაწერს.
„ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს ამ კანონს, ანუ ვეტო არ არის და შესაბამისად, არ არის მოტივირებული შენიშვნები. რაც ჩვენ წინა ვეტოებთან დაკავშირებით ვიხილეთ, როცა არგუმენტად მოყვანილი იყო „იმიტომ“, როგორც ჩანს, საპარლამენტო მდივანს პარლამენტში „იმიტომ“ არგუმენტით მოსვლა არ სურდა“, – განაცხადა მან.