პოლიტიკური პარტია „ლელოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მთავარზე” სექსუალური უმცირესობების საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უმცირესობების თემები წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც „სუს”-ს აქვს ჩაბარებული.
„უმცირესობების საკითხები წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც სუს-ს აქვს ჩაბარებული. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ახორციელებს მმართველობას უმცირესობების სფეროში. მხოლოდ ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უმცირესობებს აღიქვამს როგორც სახელმწიფოს საფრთხეს. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდდეს, რომ ინტეგრაცია მოხდეს, ტოლერანტობის ვითარება დადგინდეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ლელოს” წევრის თქმით, ქვეყანაში უმცირესობების საკითხები მანამდე არ გადაიჭრება, სანამ პოლიტიკური უმცირესობა, ოპოზიცია ქვეყნის მტრად არის შერაცხული.
„მანამ, სანამ პოლიტიკური უმცირესობა საქართველოში მონათლული იქნება ქვეყნის მტრად, რომლისგანაც სახელმწიფო უნდა დაიცვა, ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ ტიპის ქვეყანას და სახელმწიფოს, სადაც საგამონაკლისოდ კი არ ავიტანთ ერთმანეთს, არამედ ცხოვრების წესი იქნება, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და განსხვავებულებმა უნდა ავიტანოთ ერთმანეთი”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული მრავალი პრობლემის გადაჭრა, იმისთვის, რომ საქართველოში განსხვავებულობა სიმდიდრედ მიიჩნეოდეს და არა ხიფათად.
„ქვეყანა უნდა დავალაგოთ იმისთვის, რომ ზოგადად განსხვავებულობა, ეს იყოს სიმდიდრე და არა ხიფათი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.