ორი დღეა ჩვენ გარკვეულწილად ვართ ბულინგის მსხვერპლი - გეგელია

„ტვ პირველის” გადაცემა „პოლიტმეტრში”  პარტია „ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ სექსუალური უმცირესობების შესახებ მისი პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადებები განმარტა.

გეგელიას თქმით, ბოლო ორი დღეა საზოგადოების ნაწილის და მედიის მხრიდან პარტიის წევრებზე ხორციელდება ბულინგი, იმ განცხადებების გამო, რომელიც, მისი თქმით, კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გაშუქდა.

„ორი დღეა ჩვენ გარკვეულწილად ვართ, ვიღაცების მხრიდან ყოველ შემთხვევაში, ყველას მხრიდან არა, ბულინგის მსხვერპლნი. იმიტომ, რომ ვისმენთ და ვხედავთ წინადადებებს, რომელიც ამ კაცს არ უთქვამს და არც ერთ ჩვენგანს არ მიაჩნია მართებულ სოციალურ და პოლიტიკურ პოზიციად”, – განაცხადა გეგელიამ.

გეგელიას თქმით, მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები საქართველოში ირღვევა. მისი თქმით, ხაზარაძემ მხოლოდ იმას გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში არსებობს უმცირესობათა უფლებებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, „ანტიდისკრიმინაციული კანონის” სახით.

„მან თქვა, რომ საქართველოში გვაქვს ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცულობას და განსაკუთრებით ეს არის განსხეულებული ანტიდისკრიმინაციულ კანონში და მიუხედავად ამისა ეს კანონმდებლობა არ სრულდება ადეკვატურად”,- განაცხადა გეგელიამ.

გეგელია აცხადებს, რომ საზოგადოების კრიტიკა აღნიშნული განცხადებების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

„ძალიან ხშირად ვხედავდით, რომ ადამიანებს არც წაკითხული ჰქონდათ, რა თქვა მამუკა ხაზარაძემ და არც მოსმენილი და აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საუბრობდნენ”,- განაცხადა გეგეელიამ

რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას სექსუალური უმცირესობების მხრიდან უმრავლესობაზე „რაღაცების” თავს მოხვევასთან დაკავშირებით, გეგელია განმარტავს, რომ მამუკა ხაზარაძემ მხოლოდ ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება და მათი მხრიდან ბავშვების შვილად აყვანა იგულისხმა.

„რასაკვირველია, აქ სტილისტური არგუმენტი ძალიან სერიოზული არის, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ფრთხილად ვისაუბროთ ამ ძალიან სენსიტიურ საკითხებზე, მაგრამ ნახეთ, რა კონტექსტში ამბობს თავს მოხვევაზე, ქორწინების და ბავშვის აღზრდის კონტექსტში მხოლოდ და მხოლოდ”, – განაცხადა გეგელიამ.