განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს - გვარამია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ ცენტრ „ემპათიას” მიმართა და  არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით ალტერნარტიული კონსილიუმის შექმნა სთხოვა.

„რაც შეეხება კონსილიუმს, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მე უკვე გითხარით, ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და მივმართავ, პირდაპირი ეთერიდან ცენტრ „ემპათიას” და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, რომ გააკეთონ ალტერნარტიული კონსილიუმი, ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და თუ იმ ექიმებს სურთ მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმში არის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში.

ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და გაურკვეველია თუ რატომ იღებს, რა კვალიფიკაცია აქვს მას ამისი, სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ის განცხადებები გააკეთა, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს უკვე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ, ამას არც მალავენ და შესაბამისად სრულიად გაუგებარია რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციალური დაწესებულება არ ითვალისწინებს”, – განაცხადა გვარამია.

„მთავარი არხის” ეთერში გვარამიას ამ მოწოდებას გამოეხმაურა მარიამ ჯიშკარიანი: „მოვითხოვთ ციხეში შესვლას და შესაძლოა, გარკვეული ტიპის გამოკვლევების ჩატარებაც მოვითხოვოთ”.

„ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შეფასდება საერთაშორისო სტანდარტებით  უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაცემული იქნება რეკომენდაციები და თვლას მივადევნებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას”, – აღნიშნა მან.