გარდაცვლილი 45 წლის ქალია, მას თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა - გორის ჰოსპიტალი

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში კორონავირუსით მეათე ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიოდა. გთავაზობთ ჰოსპიტლის განცხადებას.

„კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. პაციენტი, სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.

ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები, ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით.

მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან მძიმე იყო, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – ნათქვამია განცხადებაში.