გარემო, რომელშიც სააკაშვილი მოათავსეს, უხეშად არღვევს ღირსების უფლებას - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს. სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, რასაც იგი დათანხმდა.

„სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენების შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია გარემოზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება:

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის ისმოდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო.

„აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.

„სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, – რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.


გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.