გარკვეული დახმარება უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა - კობახიძე უკრაინელებზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები იღებენ სათანადო, საკმაოდ სერიოზულ კომპენსაციას. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, რადგან სახელმწიფოს მწირი რესურსი აქვს.

„რა თქმა უნდა, ვითარება, ზოგადად, რთულია და რთულია სხვა ქვენებშიც.  სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაცია. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა. რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია ხელისუფლებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ამ ადამიანებს დაეხმარება, გარკევული კომპენსაციებია გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა 300 ლარი საცხოვრებლის საქირავებლად, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას ემატება სულადობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილი დახმარება.

„რა თქმა უნდა, საკმარისი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და თავისი მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა ეს დახმარება. მე შეგახსენებთ, რომ 500 000 სოციალურად დაუცველი პირია საქართველოში და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გაანაწილოს ის რესურსი, რომელიც მას აქვს“, – თქვა კობახიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით სახელმწიფო უკრაინულ ოჯახებს 300 ლარით ეხმარება და ასევე, თითოეულ ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს – 45 ლარით.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს ბრიფინგზე საზოგადოებას, ბიზნესს მოუწოდა, დაეხმარონ ქუჩაში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ დღეს უკრაინელები გამოყარა სასტუმროებიდან და სახლებიდან, რადგან დასრულდა რამდენიმეთვიანი პროგრამა, რითაც უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლოთ, ეცხოვრათ და ეკვებათ.