გასაჯაროვდეს ყველა გადაადგილება. ჩაიტაროს ექსპერტიზა - ოხანაშვილი საელჩოში მომხდარზე

პუბლიკა

„ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია. აქ საუბარი არ არის რაღაცა კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე. ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი, ვერცერთი ქართველი ადამიანი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა, ეს იყო სიბილწის საზღვარი, თუ შეიძლება რომ ყველაფერს გაცდე და ყველაფერი იკადრო და ყველაფერი ბინძური გააკეთო – მოხდა ეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, რითაც გუშინ აშშ-ს საელჩოში მომხდარი შემთხვევა განმარტა.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.

„მე ახლა ვერ ვიტყვი ამ საუბარს, ვერ და არ გავიმეორებ. მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში. მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას… რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით, თქვას ეს ყველაფერი, ეს ითქვას.

გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, იმიტომ, რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი. როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ აშშ-ს საელჩოში ადამიანი მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.