გასაკვირი არა დეზინფორმაცია, არამედ ისაა, რომ მთავრობა თავისი მოსახლეობის მანიპულირებას ეწეოდა – DFRLab

პუბლიკა

20 დეკემბერს ფეისბუქმა საქართველოში თავისი ძირითადი პლატფორმიდან ფეისბუქის 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაშალა.

სოციალური ქსელი აცხადებს, რომ ეს ანგარიშები ადგილობრივ აუდიტორიაზე იყო ფოკუსირებული და საქართველოში შეიქმნა. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული, თუმცა ისინი თავს სხვა პარტიებად, მედიასაშუალებებად, რეალურ ადამიანებად და აქტივისტთა ჯგუფებად ასაღებდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ თავიანთი ვინაობა და [ერთმანეთთან] კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ ისინი სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ მიერ მართულ მთავრობასთან დააკავშირა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაუქმებულ გვერდებს შორის, სულ ცოტა, ერთს 442 300 მიმდევარი ჰყავდა, გაუქმებულ ჯგუფებთაგან ერთს ან მეტს კი დაახლოებით 52 000 წევრი. ინსტაგრამზე გაუქმებული ანგარიშებიდან ერთს ან მეტს 2 100 მიმდევარი ჰყავდა. ორივე პლატფორმაზე მასალების რეკლამაში დაახლოებით 316 ათასი დოლარი დაიხარჯა.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ (DFRLab) ფეისბუქის გამოძიების პარალელურად  ჩაატარა კვლევა.

„ამერიკის ხმა“ ესაუბარა DFRLab-ის დირექტორ გრამ ბრუკს. 

„ამერიკის ხმასთან“ ბრუკი ამბობს, რომ ფეისბუქმა და DFRLab-მა საქართველოში ეჭვმიტანილი კოორდინირებული და არაავთენტური ოპერაციების გამოძიება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოეს. ციფრულმა ლაბორატორიამ, დაახლოებით, 260 ჯგუფი და გვერდი შეისწავლა, რაშიც პერსონალური ანგარიშები არ შედიოდა.

„ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია“, – თქვა ბრუკიმ.

DFRLab-ისგან განსხვავებით, ფეისბუქი გამოძიებას გაცილებით დეტალურად და არა მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით, არამედ შიდა-ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით აწარმოებს. ციფრულმა ლაბორატორიამ მთავრობის ნარატივების გამავრცელებელი კოორდინირებული ოპერაცია, ინფორმაციის მომხმარებლის პერსპექტივიდან გამოავლინა. ფეისბუქის გამოძიება კი თავად პლატფორმაზე ტექნიკური შიდა რესურსების გამოყენებით მოხდა. ამ შიდა მოძიებით ფეისბუქმა დაადგინა, რომ ქსელის ოპერაცია უშუალოდ „ქართული ოცნების“ მთავრობასა და მთავრობის მიერ დაქირავებულ სარეკლამო სააგენტო „პანდას“ უკავშირდებოდა.

„ფეისბუქს აქვს საშუალება, ნახოს, თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ ფეისბუქის შეფასების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა თავიანთ პლატფორმის დეტალებსა და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე“, – თქვა ბრუკიმ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მთავრობების ან პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით მანიპულირება წელს 70 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. 2018 წელს მსგავსი ოპერაციები 48 ქვეყანაში აღინიშნა, 2017 წელს კი – 28-ში.

ბოლო ორ წელიწადში მთავრობების რაოდენობა, რომლებიც ორგანიზებულად აწარმოებენ საინფორმაციო მანიპულაციას, თითქმის გასამმაგდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დეზინფორმაციის კამპანია, რა თქმა უნდა, უჩვეულო არ არის, თუმცა საქართველო, როგორც დემოკრატიად მიჩნეული ქვეყანა, განსხვავებულ პოზიციაშია.

„რუსეთის მთავრობისთვის ეს მეთოდი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. რუსულ მოდელში მთავრობა ძალით ცდილობს საკუთარი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში თავისი ნარატივების აქტიური გავრცელებით. ეს არ არის ღია და თავისუფალი საზოგადოება“, თქვა ბრუკმა. საქართველოსთან დაკავშირებით კი დასძინა, რომ “ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება“, – თქვა მან.

დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების შემთხვევები სოციალური მედიის გავლენის გაზრდასთან ერთად მისი თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათ შორის ფეისბუქი ყველაზე ხშირად გამოიყენება ადამიანების მანიპულირების მიზნით. ასევე, ხშირია ფეისბუქის კრიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული მთავრობების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ სოციალური ქსელი ადეკვატურად არ იცავს მომხმარებელს საინფორმაციო გავლენებისგან. კომპანია ამ ტენდენციის შეცვლას ცდილობს.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ფეისბუქის ინფორმაციით, კომპანიის „ჯგუფები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე პროაქტიულად ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ჩვენი პლატფორმები ბოროტად გამოიყენონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ინდუსტრიაში ჩვენს კოლეგებთან, მთავრობის წარმომადგენლებსა და უსაფრთხოების მკვლევრებთან ამ ოპერაციების საპოვნელად და გასაუქმებლად“.

ფეისბუქის პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოში კოორდინირებული ნარატივების გავრცელებაზე დაკვირვება გაგრძელდება, ისევე, როგორც 20 დეკემბრის შემთხვევაში, მომავალშიც პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა. არაავთენტურ დეზინფორმაციას, რომელიც საინფორმაციო სივრცეში ფარული გზებით და მოტყუებით მომხმარებლის მანიპულირებას ცდილობს, ჯერ ფეისბუქის ავტომატიზებული სისტემა გამოავლენს, რის შემდეგაც პროცესში ადამიანების ჯგუფი ჩაერთვება. ფეისბუქის მსგავსად, DFRLab აცხადებს, რომ საქართველოში დეზინფორმაციაზე დაკვირვებას და მის გამოძიებას გააგრძელებს.

ოქსფორდის კვლევის თანახმად, საქართველო „კიბერ-ჯარისკაცების“ შესაძლებლობების თვალსაზრისით, საშუალო დონის ქვეყანაა. ამავე კატეგორიაში შედის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, პაკისტანი, სუდანი, ბაჰრეინი, კუბა, გვატემალა და კიდევ რამდენიმე სხვა. უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ზოგიერთი ქვეყანა კი რუსეთ, ჩინეთი, ირანი, ჩრდილო კორეა და სხვები შედის.

კიბერ-ჯარისკაცების საქმიანობაში რამდენიმე მკაფიოდ გამოკვეთილი საქმიანობა შედის. ესენია მთავრობის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება, ოპოზიციაზე თავდასხმა ან ოპონენტების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის წარმართვა, მნიშვნელოვანი თემებიდან ან კრიტიკიდან საზოგადოების ყურადღების სხვაგან გადატანა, და საზოგადოების დაყოფისა და პოლარიზაციის ორგანიზება.

 

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.