დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით შსს-სთან აქცია იმართება

პუბლიკა

„პუბლიკის“ დირექტორის და თანადამფუძნებლის ზურა ვარდიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ზურა ვარდიაშვილს „შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ გამოუშვებენ“. შეკითხვაზე თუ რა კონკრეტული დარღვევის გამო დააკავეს ზურა ვარდიაშვილი, შსს-ში პასუხობენ, რომ ინფორმაცია ზუსტდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

აქციაზე შეკრებილები ასევე მოითხოვენ „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის გათავისუფლებას.

„პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს.

ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სადაც მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ზურა ვარდიაშვილიც.

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.

მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სხდომის პარალელურად, პატლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გარდა ჟურნალისტებისა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.